LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ვითომ პატარა პიონერები იყვნენ” – ანბანის გაცილება წითელი ყელსახვევებით (ფოტო)

ახალციხეში, მეხუთე საჯარო სკოლის პირველკლასელებს ზეიმზე, ანბანის გაცილებაზე საბჭოთა სიმბოლიკის აღმნიშვნელი წითელი ხელსახვევები ეკეთათ. ამის შესახებ ინფორმაციას ახალციხის ადგილობრივი ტელერადიოკომპანია “იმპერია” (მე-9 არხი) ავრცელებს. მშობლების თქმით, მოსწავლეების ვიზუალური მხარე დამრიგებელმა გადაწყვიტა.

„კლასის დამრიგებლის იდეა იყო. აღარ მიკითხავს რატომ გადაწყვიტეს მაინცდამაინც წითელი ყელსახვევები. შევაკერინეთ, ლარნახევარი დაგვიჯდა ერთი ყელსახვევი. მასწავლებელს უნდოდა და ჩვენც დავეთანხმეთ. სხვა კლასებისგან განსხვავებული რომ იყოსო, მოიფიქრა, ვითომ პატარა პიონერები იყვნენ. ყველამ მოიწონა, დირექტორმაც კი. წითელი ყელსახვევი პრობლემაა? მშობლებმა არაფერი ვიცით. მასწავლებელს ან დირექციას არ უნდა სცოდნოდა თუ არ შეიძლებოდა? რასაც გვეუბნებიან ჩვენ იმას ვაკეთებთ“, – ამბობენ მშობლები.

მშობლებისგან განსხვავებით, დამრიგებელი უარყოფს, რომ წითელი ყელსახვევებით პიონერებთან მსგავსების ჩვენება უნდოდათ. ლუიზა მღებრიშვილის თქმით, 27 მაისს გამართული ღონისძიება, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღეს მიუძღვნეს. მის მოსწავლეებს ყელსახვევები სხვა წლებშიც ჰქონიათ, ოღონდ არა წითელი, არამედ მწვანე და იასამნისფერი.

„თეთრი მაისური და წითელი გეტრები ჩავაცვით. ყელსახვევიც ამას შევუხამეთ. რაღაც ხომ უნდა გაეკეთებინათ? ჰალსტუხი არ მოუხდებოდა, ამიტომ გავაკეთეთ ეს. არ მიფიქრია, რომ პიონერის ყელსახვევად აღიქმებოდა, თორემ ხომ არ გავაკეთებდი? მაშინ სხვა ფერს შევარჩევდი“, – ამბობს ლუიზა მღებრიშვილი.

მოსწავლეებისთვის შეკერილ წითელ ყელსახვევებში პრობლემას ვერც სკოლის დირექტორი ხედავს. ინგა ვარდიძე ამბობს, რომ ამ კლასმა გადაწყვიტა, დროშის ფერებში გამოწყობილიყვნენ.

„რა საბჭოთა კავშირი გაგახსენდათ? ჰალსტუხი და პიჯაკი კონფერენციას მოგაგონებთ? არ ვიცი რატომ მოხდა ასეთი ასოციაცია. პიონერის ყელსახვევის განცდა ალბათ უფრო ჩემზე უფროსებს გაუჩნდებოდათ, რადგან პირველკლასელების მშობლები ისეთი ახალგაზრდები არიან, ეგ პერიოდი არ გაუვლიათ. ფორმები და კაბები ხარჯებთან არის დაკავშირებული, ამიტომ განსხვავებული ელემენტი დაუმატეს“, – გვითხრა ინგა ვარდიძემ.

დირექტორისგან განსხვავებით, სამოქალაქო სექტორი მიიჩნევს, რომ სკოლაში წითელი ყელსახვევი პრობლემაა.

„წითელი ყელსახვევების ნაცვლად, შეიძლებოდა საქართველოს სიმბოლიკა გამოეყენებინათ. ეს არის ნოსტალგია საბჭოთა კავშირის მიმართ, განსაკუთრებით შუა ასაკის ხალხისთვის“, – ამბობს „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის“ ახალციხის ოფისის წარმომადგენელი ამალია სარქისიანი.

სამოქალაქო ცნობიერების პრობლემა – ასე აფასებს პოლიტოლოგი მეხუთე სკოლის მასწავლებლის გადაწყვეტილებას. გიორგი გობრონიძეს მიაჩნია, რომ პირველკლასელებზე შემოხვეული წითელი ყელსახვევი სხვა არაფერია, თუ არაკრიტიკული აზროვნების ნაკლებობა.


„არ არის ნორმალური, 21-ე საუკუნეში ბავშვი გამოაწყო პიონერივით და ამას განსხვავება დაარქვა. ეს ვიზუალი ადმინისტრაციას ნორმალურად სავარაუდოდ იმიტომ მიიჩნია, რომ თავად იყვნენ პიონერები და უკეთესი არაფერი უნახავთ. აჩვენეთ უკეთესი და ამას აღარ მოისურვებენ“, – 
ამბობს საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი. მისი თქმით, განათლების სამინისტრო მასწავლებლებს ვერ სათავაზობს ინოვაციებს, განსაკუთრებით რეგიონებში.