რამდენიმე თვეში საქართველოში მოქმედ კომპანიების ნაწილს რეალიზებული პროდუქციის შედეგად წარმოქმნილი ნარჩენების შეგროვებასა და გადამუშავებაზე პასუხისმგებლობის აღება მოუწევთ. აღნიშნულ ცვლილებას კი მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულება ითვალისწინებს.
ნარჩენებისა და ქიმიური ნივთიერებების მართვის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ირმა გურგულიანი „ფორტუნასთან“ მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების შესახებ საუბრობს.

გურგულიანის განცხადებით, მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების მიხედვით, მწარმოებელს, იმპორტიორს და ასევე ბაზარზე განმათავსებელს, ევალება, რომ იზრუნოს მათი პროდუქციის მიერ წარმოქმნილი ნარჩენების სეპარირებულად შეგროვებაზე, გადამუშავებაზე, მის უსაფრთხო განთავსებაზე და ა.შ.
„ეს ნაკადები არის სპეციფიკური ნარჩენები. ესენია: შეფუთვის ნარჩენები, რომლებშიც შედის PET-ის ბოთლები, ალუმინის ქილები, პანელები, მუყაოს ყუთები, ელექტრო და ელექტრონული ნარჩენები, ძრავის გამოყენებული ზეთები, ხმარებიდან ამოღებული ავტოსატრანსპორტო საშუალებები, ბატარეები და აკუმლატორები. ეს ნარჩენები გარკვეულად რთული სამართავია. მეტნაკლებად ყველა გადამუშავებადიც არის, შეიძლება სასარგებლო კომპონენტებსაც შეიცავდეს, რომელიც ძალიან კარგია და როგორც რესურსი არ დაიკარგება,“ – განაცხადა გურგულიანმა.
მისივე განცხადებით, მწარმოებლებს ევალებათ, რომ მათი პროდუქტის წარმოების პროცესში გამოიყენონ ისეთი ნივთიერებები, რომ შემდეგ გადამუშავება შესაძლებელი იყოს.
ირმა გურგულიანის აზრით, ცვლილებამ ფასზე შეიძლება გავლენა მოახდინოს, თუმცა აცხადებს, რომ ნარჩენების მართვა მოგებაზე ორიენტირებული არ უნდა იყოს.
„მარტივი მაგალითი, რომ მოვიყვანოთ. მაცივარს რომელსაც ვყიდულობთ, შეიძლება 1000 ლარი ღირს, მაგრამ თუ სიტყვაზე 1020 ლარს გადავიხდი მე მეცოდინება, რომ ეს გარემოში არ მოხვდება ისე, რომ არ გაიფრქვევა იქიდან მავნე ნივთიერებები და გარემოს ზიანს არ მიაყენებს. გრძელვადიან პერსპექტივაში თემა მიდის იქითკენ, რომ არ შეგვხვდება გარემოში ასეთი დამაბინძურებელი მავნე ნივთიერების შემცველი ნარჩენები,“ – განაცხადა ირმა გურგულიანმა.

მისი განმარტებით, ყველა კანონქვემდებარე აქტის პროექტი, ბოლო ერთი წლის განმავლობაში მუშავდებოდა და ბიზნესთან კომუნიკაცია მიმდინარეობდა და ახლაც მიმდინარეობს.
ირმა გურგულიანი თემასთან დაკავშირებით საზოგადოების ინფორმირებულობაზეც საუბრობს. მისი თქმით, ტელევიზიითაც გავიდა რამდენიმე გადაცემა, კლიპებიც ჰქონდა სამინისტროს ამ თემაზე მომზადებული, ასევე სოციალურ მედიაშიც იყო გავრცელებული ინფორმაცია და მუნიციპალიტეტებთან მიმდინარეობდა აქტიური კომუნიკაცია.
ნარჩენებისა და ქიმიური ნივთიერებების მართვის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე „ფორტუნასთან“ საუბარში აცხადებს, რომ მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულება ევროკავშირის ქვეყნებში ძალიან აქტიურად მუშაობს.
მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულება 2019 წლის 1 დეკემრიდან ამოქმედდება. კომპანიებზე კონტროლს კი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო განახორციელებს.
“ფორტუნა” შეეცადა გაერკვია საქართველოს მწარმოებელთა ფედერაციის პოზიცია აღნიშნულ ცვლილებასთან დაკავშირებით, თუმცა რამდენიმე მცდელობის მიუხედავად მათთან დაკავშირება ვერ მოხერხდა.
თბილისში ნარჩენების დახარისხების 25 სტენდია განთავსებული, სადაც მოქალაქეებს შეუძლიათ წინასწარ დახარისხებული ნარჩენები – PET ბოთლები, ქაღალდი, შუშა და ალუმინის ქილები მიიტანონ. აღნიშნული ადგილებიდან დახარისხებული ნარჩენის გატანას კომპანია “სუფთა სამყარო” უზრუნველყოფს, რომელიც ნარჩენებს წინასწარ ამუშავებს და აწვდის გადამამუშავებელ კომპანიებს: ქაღალდსა და შუშას – ადგილობრივ კომპანიებს, ხოლო პლასტმასას და ალუმინს ექსპორტზე გზავნის სხვადასხვა ქვეყანაში – მათ შორის, თურქეთსა და უკრაინაში.

საქართველოში წელიწადში 900,000 ტონა ნარჩენი წარმოიქმნება, ამ ნარჩენების უმეტესი ნაწილი – ორგანული ნარჩენი, ქაღალდი, მეტალისა და პლასტმასის ნარჩენები – გადამუშავებადია. ნარჩენებისგადამუშავების შედეგად მცირდება გარემოზე მავნე ზემოქმედება, იზოგება ბუნებრივი რესურსები დაიქმნება დამატებითი სამუშაო ადგილები.
იხილეთ ნარჩენების დახარისხების სტენდის მისამართები.

„ეს ნაკადები არის სპეციფიკური ნარჩენები. ესენია: შეფუთვის ნარჩენები, რომლებშიც შედის PET-ის ბოთლები, ალუმინის ქილები, პანელები, მუყაოს ყუთები, ელექტრო და ელექტრონული ნარჩენები, ძრავის გამოყენებული ზეთები, ხმარებიდან ამოღებული ავტოსატრანსპორტო საშუალებები, ბატარეები და აკუმლატორები. ეს ნარჩენები გარკვეულად რთული სამართავია. მეტნაკლებად ყველა გადამუშავებადიც არის, შეიძლება სასარგებლო კომპონენტებსაც შეიცავდეს, რომელიც ძალიან კარგია და როგორც რესურსი არ დაიკარგება,“ – განაცხადა გურგულიანმა.