LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პურის ეს ინგრედიენტები კიბოს იწვევს – რამდენად უსაფრთხოა ქართული პური

თქვენი პურის ნაჭერი, შესაძლოა, ისეთ ინგრედიენტებს შეიცავდეს, რომელიც იოგას დასაფენ ხალიჩაში, პესტიციდებში, თმის დამცავში, ფეთქებადსაშიშ ნივთიერებებსა და ნავთობპროდუქტებში გამოიყენება. ამ ინფორმაციაში გადამეტებული ნამდვილად არაფერია, თუ თქვენ აშშ-ში იმყოფებით. ბრიტანული გამოცემა „გარდიანი“ ვრცელ სტატიას აქვეყნებს, თუ როგორ აკრძალეს ევროკავშირის ქვეყნებმა პურის წარმოებაში ზოგიერთი დანამატის გამოყენება, რაც ჯანმრთელობისთვის საშიშია, მაგრამ ამერიკაში ეს ინგრედიენტები მაინც დაშვებულია. საუბარია ე. წ. გამათეთრებლებზე, ასევე პურის მოცულობის გაზრდისთვის საჭირო ქიმიურ დანამატებზე, რაც სხვადასხვა სახის დაავადებებს იწვევს. „გარდიანი“ წერს, რომ ყველაზე საშიში კალიუმის ბრომატია, რომელიც პურ-ფუნთუშეულის მოცულობას ზრდის. ეს კი, გამოცემის ცნობით, დაკავშირებულია თირკმლისა და ფარისებრი ჯირკვლის კიბოს გამომწვევ მიზეზებთან.

ამ საკითხზე ამერიკის კვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაცია „გარდიანთან“ კომენტარს აკეთებს, რომ კალიუმის ბრომატის გამოყენება დაშვებულია და ის უსაფრთხოა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კი ჯერ კიდევ 1965 წლიდან გასცა რეკომენდაცია, რომ საკვები პროდუქტების წარმოებაში კალიუმის ბრომატი არ გამოიყენონ. ამერიკელებს, ექსპერტი ოლგა ნაიდენკო ურჩევს, დამოუკიდებელ საცხობებთან დაიწყონ თანამშრომლობა, სადაც დანამატების გამოყენების მცირე შანსია ან პური სახლში გამოაცხონ. რა უნდა ქნან საქართველოში, რამდენად იყენებენ კომპანიები ე. წ. გამათეთრებლებს ან ჯანმრთელობისთვის ყველაზე საშიშ კალიუმის ბრომატს, ვინ აკონტროლებს წარმოების პროცესს და რამდენად უსაფრთხოა ქართული პური, „ფორტუნა“ მწარმოებლებს და ექსპერტებს ესაუბრა.

მალხაზ დოლიძე, პურის მწარმოებელთა ასოციაციის თავმდჯომარე: „პურის წარმოებაში არსებობს ფერმენტები, რაც მთელ მსოფლიოშია მიღებული. ეს იმისთვისაა, რომ ტექნოლოგიურ პროცესში ნახევაფაბრიკატის მომწიფებას ხელი შეუწყოს. რაც შეხება მოცულობის ზრდას და გამათეთრებლებს, ამას მთელი მსოფლიო იყენებს, მაგრამ ჩვენთან ეს ნაკლებად სავარაუდოა. ის ძალიან ძვირადღირებულია.

კონკრეტულად კალიბრომატზე თუ ვისაუბრებთ, გულწრფელად გეტყვით, რომ ის ადრე გამოიყენებოდა. ის აძლიერებს სახამებლის მოქმედებას, სახამებელი ხომ ძირითადი შემადგენელია პურში, მაგრამ დაახლოებით 15 წელია კალიბრომატს აღარ ვიყენებთ. ამას დიაბეტური პურის წარმოებისასაც ვიყენებდით. დიაბეტური პურის ცომი ირეცხება, ნახშირწყლებისგან თავისუფლდება, ამიტომ საჭირო იყო კალიბრომატი, რომ ცომი შეკრული ყოფილიყო.

დღეს დიაბეტური პური არ არსებობს. ახლა ცომს ვინ გარეცხავს. დიაბეტური რომ აწარმოო, 5 კილო უნდა დაკარგო, რომ 1 კილო მიიღო.

მალხაზ დოლიძე მცირე წარმოებების პრობლემასაც შეეხო და ჩვენთან საუბარში განაცხადა, რომ ყველა საცხობს უნდა მოსთხოვონ, მინიმუმ ერთი სპეციალისტი ჰყავდეს.

„მე მიმაჩნია, რომ უნდა მოვთხოვოთ ყველა საცხობს, რომ მცოდნე ადამიანმა გამოაცხოს პური. საფუარის ნორმაც ზუსტად უნდა იყოს ნორმირებული, ზედმეტი მარილიც, შაქარიც ცუდია“, – აცხადებს დოლიძე.

რადიო „ფორტუნა“ უშუალოდ პურის საწარმოებსაც დაუკავშირდა და მათ ტექნოლოგებისგან მიიღო ინფორმაცია, რას იყენებენ პროდუქციის წარმოებაში.

„ზოგადად, პურის შემადგელობა ეტიკეტზე გვიწერია. პურის შემთხვევაში გამოიყენება ფქვილი, წყალი და მარილი. რაც შეეხება საფუარს, ჩვენს შემთხვევაში ხაშზე ვამზადებთ. თავად ხაშის მოსამზადებლად კი საჭიროა: ფქვილი, წყალი და ცოტა რაოდენეობის საფუარი, რომ დუღილის პროცესი დაიწყოს და შემდეგ ეს ფქვილს გადაერევა. ამერიკის შემთხვევას რაც შეეხება, იქ ძალიან უყვართ ტკბილი პური, ამიტომ შაქარსაც უმატებენ და ზოგჯერ კარაქსაც. საქართველოში კი პური მაქსიმალურად ნეიტრალური გემოს მქონე პროდუქტია“, – აცხადებენ „იფქლის“ საწარმოში.

რაც შეეხება მათეთრებელს, კომპანიის ცნობით, ისინი ძალიან ძვირადღირებულია და ჯანმრთელობისთვის უსაფრთხოც რომ იყოს, მაინც ვერ გამოიყენებდნენ.

„თეთრი ბატონი იმიტომ არის თეთრი, რომ ხორბლის მარცვლები როცა იფქვება, მას ვცრით და გარსის გარეშე რჩება, ამიტომ თეთრი გამოდის. სხვა დანამატები ჩვენთან საჭირო არაა. ამერიკაში პურის გამძლეობაზეც ზრუნავენ, ზოგჯერ ერთი კვირა რჩება დახლებზე და ამიტომ საჭიროა, სხვადასხვა დანამატის გამოყენება“, – აცხადებენ კომპანიაში.

„იფქლი-დიღომის“ ტექნოლოგი მუხრან ბედიანიძე „ფორტუნასთან“ საუბარში ამბობს, რომ ისინი ადგილზე აკეთებენ ყველაფრის კუპაჟს და არანაირი დანამატის შემოტანა არ უწევთ.

„ადრე იყო, რომ პური იღებებაო, ამბობდნენ. ხალხს რატომღაც ჰგონია, რომ შავი პურის წარმოებისთვის აუცილებად შავი ხორბალი უნდა იყოს. შავი პურის წარმოებაში გამოიყენება ფერმენტირებული ჭვავის ალაო. ის შესაბამისი პროპორციით ერევა ცეხვილ ფქვილში და ვიღებთ შავ პურს. ევროპაში ცალკეული დანამატების გარდა, აქტიურად იყენებენ ე. წ. მიქსებსაც, რაც ჩვენს წარმოებაში არასდროს გამოგვიყენებია“, – აცხადებს ტექნოლოგი მუხრან ბედიანიძე.