ყაზბეგში მომხდარი ავიაკატასტროფის დროს დაღუპული ახალგაზრდა მამაკაცი, კოტე საცერაძე გიდად მუშაობდა. 27 წლის მამაკაცი ერთ-ერთია სამ დაღუპულს შორის, რომლებიც ავიაკატასტროფას ემსხვერპლნენ. ის რუსთავში ცხოვრობდა.
მეზობლები ჰყვებიან, რომ კოტე საცერაძე უმეტეს დროს ყაზბეგში ატარებდა. ის უცხოელ ტურისტებს ემსახურებოდა. მეზობლები ამბობენ იმასაც, რომ სავარაუდოდ კოტე საცერაძეს ხშირად უწევდა იმ ვერტმფრენით მგზავრობა, რომელმაც დღეს კატასტროფა განიცადა.
„დარეკეს, რომ რაღაც მოხდაო. ჩვენ ხომ არ ვიცოდით. სადღაც 12 საათისკენ გავიგეთ მეზობლებმა, რომ აღარ იყო ეს ბავშვი. ჩემი ბავშვის მეგობარია. ჩემ ხელში გაზრდილია ეს ბავშვი. საუკეთესო ბავშვი, 27 წლის. დედა პედაგოგი ჰყავს, მამა ინჟინერი, კარგი ოჯახი, ძმა ექიმი ბიჭი. სამაგალითო ოჯახი. ჩვენი გული მაგან წაიღო, მაგ ბავშვმა,“-განაცხადა დაღუპული გიდის მეზობელმა “რუსთავი 2”-თან.
რამ გამოიწვია ვერტფრენის კატასტროფა დაბა სტეფანწმინდაში – ტრაგედიას სამი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. ავარიის ადგილას ამ დრომდე მუშაობენ ექსპერტ კრიმინალისტები.
კომპანია ავიატურის კუთვნილი ბორტი 2018 წელს გამოშვებული BELL-505 სასტურმო “რუმს ჰოტელის” ყაზბეგს ემსახურებოდა. კომპანიის ინფორმაციით, ვერტფრენს ტექინსპექტირება გავლილი ქონდა და მას მაღალი კლასის პილოტი მართავდა.
მწყემსი, რომელიც შემთხვევის ერთადერთი მოწმეა ამბობს, რომ დაინახა, როგორ დაეცა საფრენი აპარატი, შემდეგ ის ამობრუნდა. მისივე განცხადებით, როდესაც ვერტმფრენს მიუახლოვდა, ბორტზე მყოფი სამივე ადამიანი უკვე გარდაცვლილი იყო.
თვითმხილველი ჰყვება, რომ ვერტმფრენს ცეცხლი არ გასჩენია, დაიღვარა საწვავი, შენიშნეს კვამლი და ადგილზე სახანძრო სამსახურის წარმომადგენლები მივიდნენ.
ცხედრები თბილისში სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში უკვე გადაასვენეს.
ავიაკატასტროფას სამი ადამიანი ემსხვერპლა: პილოტი ილია ბაიდაშვილი, პილოტის დამხმარე – კოტე საცერაძე და სასტუმროს თანამშრომელი თორნიკე მოსიაშვილი.
