თქვენ ახალგაზრდები ხართ და ჩემი თხოვნა იქნება, რომ ეს ყველამ გაითვალისწინოთ: ყველას გექნებათ რთული მომენტები და არასოდეს დანებდეთ. პირველ რიგში უნდა დაამარცხოთ საკუთარი შინაგანი მე, უნდა დაარწმუნოთ საკუთარი თავი, რომ თქვენ შეძლებთ და მერწმუნეთ, რომ აუცილებლად იქნებით წარმატებულები“, – ამ სიტყვებით მიმართა დედაქალაქის მერმა ახალგაზრდული პროექტების წარდგენის ღონისძიებაზე მოწვეულ ახალგაზრდებს.
კახა კალაძემ ღონისძიება პარლამენტის თავმჯდომარესთან ირაკლი კობახიძესთან ერთად გახსნა.
„ახალგაზრდების როლი ქვეყნის განვითარებაში, ქალაქის წინსვლაში, გალამაზებასა და გაჯანსაღებაში არის ძალიან მნიშვნელოვანი. შესაბამისად, ჩვენ ყოველთვის ვფიქრობდით იმაზე, რა პროგრამები გაგვეკეთებინა, რომ თქვენი უფრო მეტი ჩართულობა ყოფილიყო შესაძლებელი. რამდენიმე კვირაში ახალგაზრდული პროექტების მიმართულებით ახალ კონცეფციას პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძეც წარადგენს, ჩვენ ამაზე დიდი ხანია ვმუშაობთ და ამ გეგმას ერთობლივად განვახორციელებთ“, – განაცხადა თბილისის მერმა.
მისი თქმით, მერიას აქვს სურვილი, რომ დაგეგმილი პროექტები ახალგაზრდების აქტიური ჩართულობით განხორციელდეს.
„ზოგადად თქვენი როლი ქვეყნის განვითარებაში, ქალაქის წინსვლაში, გალამაზებაში, გაჯანსაღებაში, ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ ყოველთვის ვფიქრობდით, რა შეიძლებოდა დამატებით გაგვეკეთებინა, რომ თქვენი ჩართულობა უფრო მეტად ყოფილიყო შესაძლებელი“, – განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, ყველა პროექტში, რომელსაც ახორციელებს და გეგმავს თბილისის მერია, ახალგაზრდები იქნებიან ჩართულნი.
„ჩვენს უკან არის რეაბილიტირებული ხიდი, რომლის რეაბილიტაცია დავასრულეთ გასულ წელს. ეს ხიდი აკავშირებს მაღლივს და ბაგებს. წელს, აქვე ახლოს ვიწყებთ საავტომობილო ხიდის მშენებლობას. ამ ყველაფერში – რასაც ვაკეთებთ და რაც გვაქვს დაგეგმილი, რომ თბილისი იყოს ყველაზე მაგარი, ყველაზე ლამაზი, მოწესრიგებული, ყველაზე კომფორტული და უსაფრთხო ქალაქი, ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ თქვენი როლი იქნება განსაკუთრებული“, განაცხადა კახა კალაძემ.
დამსწრე საზოგადოებას ახალგაზრდული მიმართულების პროექტები და პროგრამები თბილისის მერის მოადგილე სოფიო ხუნწარიამ და კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსმა ირაკლი გვილავამ წარუდგინეს.
https://www.facebook.com/CityHallofTbilisi/videos/472725226832313/?__xts__[0]=68.ARB2K-L9_dIXHct7KLIBSvNdsdxqC12zsL6wk5poxybdkEjpfTGvARGcFL7LyUJ2–ZCDOyvnJKTVYatUIRH-xEiHNXatHlagGOV1wU9WJyEKn7Dce8DZT5KjfRk91YjZ7ZjxR2eB_MXv_WLuUsRViyqNWQBOnthty_lK5CEcMrmeoi0XJ6GKjUXKtNse4QiXS8kzq4PcAYkbCXH029H7TGWB3MCXJBfLxZ7YFoVYuNFJQYdQ2XhoJpK6bP6BC-xeZYQMBkWlQovxEkLlsBCGDpiUINiB0-JBjvETdfPHTl4t1_7JxS-VBM2-HB_krkEGOZXeIoA4p1OT1UjwiBQ15TKtA2lvGvB&__tn__=-R
