ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი იყო, არის და იქნება სტრატეგიული პრიორიტეტი სახელმწიფოსთვის, – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრი აცხადებს. ნათია თურნავას თქმით, სახელმწიფოს მხარდაჭერა ანაკლიის პორტის პროექტის მიმართ საქმითაც არაერთხელ დადასტურდა.
„პირველ რიგში, ცალსახად მინდა ვთქვა, რადგან ბოლო დროს რაღაც მოსაზრებებს და სპეკულაციებს ვისმენდით ამ საკითხზე. ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი იყო, არის და იქნება სტრატეგიული პრიორიტეტი სახელმწიფოსთვის და რასაკვირველია, ეკონომიკის სამინისტროსთვის. ამას ჩვენ საქმით ვადასტურებთ, იმ დონეზე რა დონეზეც არც ერთ ინფრასტრუქტურულ პროექტს არ ჰქონია სახელმწიფო მხარდაჭერა. მე არ დავიღლები და კიდევ ერთხელ ჩამოვთვლი იმ მხარდაჭერის ელემენტებს, რასაც ჩვენ ანაკლიის პროექტს და მის კერძო ინვესტორს ვთავაზობთ. ესაა 100 მილიონი დოლარის სუბორდინირებული სესხი, რომელსაც კომპანია მიიღებს, როდესაც თავის წილ ვალდებულებებს შეასრულებს ინვესტორი, ესაა 300 მილიონი ლარის ინფრასტრუქტურული პროექტები, რომლის განხორციელებაც უკვე დაწყებულია და ეს არაა მხოლოდ დაპირება, ეს კონკრეტული ვალდებულებაა. იგივე მოქნილი ვადები, თქვენ ალბათ კარგად მოგეხსენებათ, ამაზე ხშირად ვსაუბრობთ, რომ პირველი ვადა ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან სამუშაოების დაწყების და ფინანსური დახურვის მიღწევის, ჯერ კიდევ 2017 წლის ზაფხული იყო, იმის შემდეგ სახელმწიფომ რამდენიმეჯერ გაითვალისწინა ინვესტორის თხოვნა და მოხდა ამ ვადის გადავადება და შესაბამისად, ჩვენ მათთან კვლავ ვიხილავთ ფინანსების მოზიდვის საკითხებს,“- აცხადებს მინისტრი.
ამასთან, ნათია თურნავა აცხადებს, რომ სახელმწიფომ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ ვადების დარღვევისთვის დაკისრებული 11 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების პირგასამტეხლო აპატია.
