LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

განათლების სამინისტრო დაწყებით კლასების ყველა საგნისთვის ახალ ჟესტებს ქმნის

განათლების სამინისტრო I-IV კლასებისთვის  ყველა საგნის ძირითადი ტერმინოლოგიის  ჟესტების შექმნას გეგმავს. შესაბამისი მომსახურების შესყიდვაზე სამინისტრომ ტენდერი უკვე გამოაცხადა. წინადადებების მიღება 15 ივნისს უნდა დასრულდეს. შესყიდვის ბიუჯეტი 30 000 ლარია.

სატენდერო დოკუმენტაციაში სამინისტრო განმარტავს, რომ ჟესტური ენის სწავლების ენად გამოყენება არ ხდებოდა ათწლეულების განმავლობაში,  რამაც თავის მხრივ შეზღუდა მნიშვნელოვანი ტერმინებისა და ცნებების ჟესტური შესაბამისობების დამკვიდრება და მათი აქტიური გამოყენება.

სამინისტროში მიიჩნევენ, რომ ამ გარემოებამ, ნეგატიური გავლენა იქონია სმენის დარღვევის მქონე პირთა განათლებაზე: „სმენის დარღვევის მქონე მოსწავლეები და სტუდენტები ავლენენ ჟესტური ენის ცოდნის სიმწირეს და ჩამორჩენას ბაზისურ აკადემიურ უნარებში. ხოლო ჟესტური ენის თარჯიმნები აწყდებიან სირთულეებს აკადემიური და პროფესიული საგნების ჟესტურ ენაზე თარგმნისას.“

სწორედ ამ გამოწვევებზე რეაგირების მიზნით სამინისტრომ მიზანშეწონილად მიიჩნია ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის ყველა საგნის ძირითადი ტერმინოლოგიის შესაბამისი ჟესტების შექმნა და თითოეული ჟესტის ვიზუალური [ვიდეო] მასალის შესაბამის ელექტრონულ სივრცეში განთავსება.

სამინისტროს ინფორმაციით, ამ მიმართულებით მუშაობა  სპეციალისტებმა  ნორვეგიელი  ექსპერტების მეთოდოლოგიური მხარდაჭერით  2014 წლიდან დაიწყეს. საწყის ეტაპზე, სამინისტროს მიზანი პროფესიული განათლების საფეხურზე, პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების ფარგლებში ხშირად გამოყენებადი ქართული ტერმინების იდენტიფიცირება, მათი ჟესტური შესაბამისობების დადგენა, რეგისტრირება და პოტენციურ მომხმარებელთა შორის გავრცელება იყო, ხოლო შემდგომ ეტაპზე დაიწყო ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის საგნობრივი ტერმინების დადგენა.

პროფესიული განათლების საფეხურზე 15 პროფესიული პროგრამის ფარგლებში გავრცელებული ტერმინოლოგიისთვის, ხოლო ზოგადი განათლების საფეხურზე I-III კლასის ქართული, მათემატიკისა და ბუნებისმეტყველების საგნობრივი პროგრამების ფარგლებში
განხორციელდა მუშაობა. შედეგად ბაზაში სულ დარეგისტრირდა 4000 ჟესტის ვიდეო გამოსახულება, შესაბამისი ვიზუალური ხატი [ფოტო] და სიტყვა [ორთოგრაფიული ხატი].

2019 წელს  სამინისტრო ახლად გრიფირებულ სახელმძღვანელოებზე დაყრდნობით გეგმავს ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის ყველა საგნის ძირითადი ტერმინოლოგიის შესაბამისი ჟესტების ანალიზს, ახალი ჟესტების შექმნას, რაც დარეგისტრირდება ვებგვერდზე.

სამინისტროს ინფორმაციით, პროცესში მონაწილეობას მიიღებენ დაწყებითი კლასების შესაბამისი საგნობრივი პროგრამების მასწავლებლები.