LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გია მურღულია: “იქ, სადაც მასწავლებლებს რამეს აძალებენ, იღებენ მოსწავლეებს, რომლებსაც საკუთარი უფლებების დაცვა არ შეუძლიათ”

წილხვდომილობის დღისადმი დაგეგმილი ღონისძიებების ფარგლებში სკოლის მასწავლებლები გარკვეული პერიოდულობით ქრისტიანული შინაარსის ლექციებზე დაყავთ. ამის შესახებ სოციალურ ქსელში თავად მასწავლებლებმა დაწერეს. მათი ნაწილის თქმით, ლექციაზე დასწრება სავალდებულო იყო, ნაწილი კი ამბობს, რომ არჩევანი თავად გააკეთეს.

წალკის რაიონის პედაგოგმა სანათა ოჩიაურმა ფეისბუქზე დაწერა, რომ სკოლამ რესურსცენტრის დავალებითა და სამინისტროს სახელით რუსთავში დაგეგმილ ლექციაზე მოტყუებით წაიყვანა.

გავრცელებულ ამ ინფორმაციას სოციალურ ქსელში განათლების სპეციალისტი გია მურღულია გამოეხმაურა:

“მასწავლებელი ყველგან თავისი ნებით უნდა მიდიოდეს, როგორც თავისუფალი ადამიანი. თუ თავად არ ხარ საკუთარი ნების პატრონი, ისე სხვას ნამდვილ პიროვნებად და მოქალაქედ ვერ გაზრდი. პედაგოგთა პროტესტი, რომ ისინი 100 კილომეტრი ატარეს წილხვდომილობის შესახებ ლექციის მოსასმენად, აბსოლუტურად სამართლიანია.

თუ ეს საკუთარი ნებითა და ინტერესით არ ხდება, 2 კილომეტრის გავლაც ზედმეტია.

ასეთი ამბები არ უნდა იგეგმებოდეს და ხდებოდეს სპონტანურად და ყველამ წინასწარ უნდა იცოდეს, სად და რა მიზნით მიდის ან რა სარგებელს ნახავს.
იქ, სადაც მასწავლებლებს რამეს აძალებენ, იღებენ მოსწავლეებს, რომლებსაც საკუთარი პიროვნების ნორმალური გაცნობიერება და უფლებების დაცვა არ შეუძლიათ.

ის, რაც სრულად რწმენის სფეროა (მაგალითად, ღვთისმშობლის წილხვდომილობა), არ შეიძლება მასობრივი სწავლების საგანი იყოს.

ყველა ინდივიდუალურად წყვეტს, რა ირწმუნოს.

ნებისმიერი სხვა გადაწყვეტილება და მოქმედება ადამიანის ცნობიერებაზე ძალადობაა”- წერს გია მურღულია