ჩვენ არაფრისგან დისტანცირებას არ ვაპირებთ, – ეს განცხადება გიორგი ვაშაძემ გაერთიანებული ოპოზიციის სახელით გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
როგორც ვაშაძემ აღნიშნა, ისინი დღევანდელ აქციას შეუერთდებიან და აქციის ორგანიზატორებთან, ახალგაზრდებთან ერთად იმსჯელებენ სამომავლო გეგმაზე.
მისივე განცხადებით, ახალგაზრდებსაც და მათაც საერთო ამოცანა, დღის წესრიგი აქვთ. ამ თემაზე საუბარი და დაპირისპირება კი ვაშაძის თქმით, მხოლოდ „ქართულ ოცნებას“ აწყობს.
„პოლიტიკოსების გარეშე პოლიტიკოსებს ვერავინ აიძულებს იმ გადაწყვეტილებების და მოთხოვნების შესრულებას, რაც არის შესასრულებელი. ჩვენ ახალგაზრდებთან ერთად, აქციის ორგანიზატორებთან ერთად ვიმსჯელებთ და მივიღებთ ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც აუცილებელი იქნება საერთო გამარჯვებისთვის“,- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
საზოგადოების დაყოფა პოლიტიკოსებად და არაპოლიტიკოსებად არასწორად მიაჩნია ნაციონალური მოძრაობის წევრ თინა ბოკუჩავასაც.
„გახარიას უკანასკნელი იმედი არის სწორედ დანაწევრება და ამ დანაწევრების შედეგად, რამენაირად, საკუთარი სკამის შენარჩუნება, რადგან სხვანაირად მას ამის შანსი არ აქვს. დღეს საზოგადოება არის სრულიად ერთიანი, იქნება ეს პოლიტიკოსი, თუ არა პოლიტიკოსი, პარტიული ადამიანი, თუ საზოგადოებრივი აქტივისტი, ახალგაზრდა, თუ სხვა ასაკის წარმომადგენელი. ყველა ვთანხმდებით და ამიტომ აქციაზე ჩემი აზრია, რომ ყველას მოსაზრება, ვინც ვიბრძოდით და ვინც მომავალშიც დავიცავთ ამ პოზიციას, ძალიან მშვიდად, მაგრამ ძალიან პრინციპულად უნდა ვიყოთ ერთად და ერთობლივად მივაღწიოთ იმ მოთხოვნებს, რაც გვაქვს“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე გაერთიანებულმა ოპოზიციამ რუსთაველზე აქციის დაშლისას დაკავებული პირების დაუყოვნებლივ გათავისუფლება მოითხოვეს.
