LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უგულავა: თითქმის ყველა ჩვენი შს მინისტრი მოხვდა ციხეში, ეს ტრადიცია გახარიაზე არ დამთავრდება

თითქმის ყველა ჩვენი შს მინისტრი მოხვდა ციხეში, ეს ტრადიცია გახარიაზე არ დამთავრდება, – განუცხადა ჟურნალისტებს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი უგულავამ. უგულავას თქმით, შს მინისტრის, გიორგი გახარიას თანამდებობაზე დატოვება დანაშაულის დაფარვაა.

მისივე განცხადებით, სანამ აქციის აბსოლუტურად სამართლიანი და ლეგიტიმური მიზნები არ დაკმაყოფილდება, პროტესტი არ განელდება.

“გულწრფელად მინდა ვურჩიო ივანიშვილს, რომ ტოქსიკური ტვირთი ყავს გემზე გახარიას სახით და თუ ის გახარიას არ მოიშორებს, გახარია მათ გემს ჩაძირავს. გახარია არის სისხლის სამართლის დამნაშავე და გავრილოვის გამო გაწირა საკუთარი მოსახლეობა ამ სისასტიკით, რამდენიმე ადამიანი ჯერ კიდევ სიცოცხლისთვის იბრძვის. ამიტომ, მისი დატოვება თანამდებობაზე არის დანაშაულის დაფარვა. აუცილებლად, თუ მან მოსკოვში არ გაასწრო მომავალში, ყველა ვარიანტში, გამოძიების ერთადერთი ლეგიტიმური შეკითხვა იქნება, ამ დროს ეძინა თუ ისიც მონაწილეობდა გადაწყვეტილების მიღებაში. დარწმუნებული ვარ, რომ მონაწილეობდა, თუმცა ეს გამოძიების პრეროგატივა იქნება. დამოუკიდებლობის 30-წლიანი გამოცდილება გვაქვს და თითქმის ყველა შინაგან საქმეთა მინისტრი ასეთი თუ ისეთი ფორმით მოხვდა ციხეში. ეს ტრადიცია სამწუხაროდ გახარიაზე არ დამთავრდება, ეს ტრადიცია გახარიაზე დამოკლეს მახვილივით კიდია. ის რაც მან გააკეთა, უპატიებელია“, – განაცხადა გიგი უგულავამ.

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. ადგილზე იმყოფებიან „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ზაალ უდუმაშვილი, ირაკლი ნადირაძე, „ევროპული საქართველოს” ლიდერები გიგი უგულავა, გიგა ბოკერია და სხვა ოპოზიციონერი ლიდერები.
ისინი ორ მთავარ მოთხოვნას აყენებენ – გათავისუფლდნენ 20 მაისის აქციაზე დაკავებული აქციის მონაწილეები და გადადგეს გიორგი გახარია. ამ ორი მოთხოვნის შესასრულებლად ხელისუფლებას ვადა დღის ბოლომდე აქვთ.