“ორმა წყარომ, მათ შორის ერთმა მაღალმა სახელისუფლებომ მოგვაწოდა ინფორმაცია, რომ მიმდინარეობს გადაწყვეტილების მიღება რუსთავი 2-ის ძალადობრივი აღების შესახებ დღეს, ღამე. ამ იდეას ჰყავს მოწინაღმდეგეებიც და მომხრეებიც ხელისუფლებაში,” – ამის შესახებ საგანგებო ბრიფინგზე “რუსთავი 2-ის” გენერალურმა დირექტორმა საგანგებო ბრიფნგზე განაცხადა.
ნიკა გვარამია მიმართავს ხელისუფლებაში მყოფ პირებს, შეაჩერონ ბიძინა ივანიშვილი.
“ქართულ ოცნებაში” გვარამიას მოუწოდებენ პანიკას ნუ თესავს.
დამშვიდდით, ნუ თესავთ პანიკას – ასე ეხმაურება გვარამის განცხადებას მამუკა მდინარაძე. „ქართული ოცნების“ წევრი აცხადებს, რომ “რუსთავი 2-ს” საფრთხე არ ემუქრება:
“მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ მსგავსი საფრთხეები არის შეუძლებელი არსებობდეს. არ არსებობს მსგავსი საფრთხეები, ამიტომ დამშვიდდით, დაწყნარდით. პანიკას ჰაერიდან ნუ თესავთ.”
აკაკი ზოიძის განცხადებით, ეს გადაწყვეტილება აბსურდული იქნებოდა, მით უმეტეს იმ ფონზე, როდესაც ქუჩაში ათასობით ადამიანი მართავს აქციას.
„რაზე ვლაპარაკობთ ჩვენ რომ დღეს, რა პარანოიდულ ლოგიკაში უნდა ჯდებოდეს ის, რომ დღეს ხელისუფლება იმ დროს, როდესაც, ერთი მხრივ, ადამიანები აპროტესტებენ რუსეთის საერთო აგრესიას ჩვენ მიმართ, ამ დროს ხელისუფლებას ჰქონდეს გეგმაში ასეთი ტიპის აქცია,“ – განაცხად აკაკი ზოიძემ.
არჩილ თალაკვაძის თქმით, “რუსთავი 2-ის” გენერალურმა დირექტორმა მოიტყუა, როდესაც თქვა, რომ არხს საფრთხე ემუქრება და ხელისუფლება ტელეკომპანიაში შესვლას გეგმავს. “ოცნების“ ლიდერი აცხადებს, რომ ნიკა გვარამიამ ეს განცხადება პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე მუხტის შესანარჩუნებლად გააკეთა.
“მას შემდეგ რაც მასობრივი არეულობის და ძალადობრივი სცენარი აღიკვეთა, “ნაციონალურმა მოძრაობამ” და მისმა მთავარმა პროპაგანდისტულმა მანქანამ მიმართა უბინძურეს პროვოკაციას. ისინი ქართულ საზოგადოებას უხმობენ არარსებული საფრთხისგან “რუსთავი 2- ის” დასაცავად. პირდაპირ ვაცხადებთ, რომ ეს ემსახურება მიმდინარე აქციებზე მუხტის შენარჩუნების მცდელობას და არავითარი საფრთხე საქართველოს, არც ერთ მედიას არ ემუქრება. შესაბამისად, ნიკა გვარამიას მონათხრობი არის სრული აბსურდი და სიცრუე,” -განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
