LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსეთი საქართველოზე სერიოზულ ზეწოლას ახდენს, ევროკავშირმა რეაგირება უნდა მოახდინოს – კარლ ბილდტი

რუსეთი საქართველოზე სერიოზულ ზეწოლას ახდენს. ევროკავშირმა რეაგირება უნდა მოახდინოს, – აღნიშნული განცხადება შვედეთის ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა კარლ ბილდტმა „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე გააკეთა.

ბილდტმა საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის პოსტი გააზიარა, რომელითაც ერიკ ჰუგი ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ საზღვარზე არსებული საკონტროლო-გამშვები პუნქტის დროებით ჩაკეტვას ეხმაურება.

„საჰაერო მიმოსვლა და ქართული ღვინის იმპორტი შეჩერებულია“, – წერს კარლ ბილდტი.

თავის მხრივ, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე გუშინ დაწერილ პოსტში ე.წ საკონტროლო-გამშვები პუნქტზე დაწესებული შეზღუდვების გამო ღრმა შეშფოთება გამოთქვა. მისი თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილა მნიშვნელოვნად ზღუდავს გადაადგილების თავისუფლებას და აზიანებს ადგილობრივი მოსახლეობის ცხოვრების პირობებს.