LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კინოჩვენება ხურვალეთის სკოლაში: „მთიდან ოკუპანტი რუსები გადმოგვყურებენ და ჩვენ მსოფლიო კინოს განვიხილავთ…“

თეატრმცოდნე თამარა ქაჯაია სოციალურ ქსელში აქვეყნებს პოსტს, სადაც წერს, რომ როგორც პროექტ კინოსკოლის მონაწილეს, ხურვალეთის სკოლაში ბავშვებთან შეხვედრები უწევს. იმისთვის, რომ იქ მოხვდეს, ერთსაათიან შემოწმებას გადის საკუთარ სამშობლოში, უმოწმებენ პირადობას და ბოლოს უშვებენ.

„მინდა დავიწყო მადლობით! არ შემიძლია, ჩემი განცდილი ემოციები არ გაგიზიაროთ! უკვე მერამდენე წელია, პროექტ #კინოსკოლაში ვარ, აღარც კი მახსოვს, რამდენი სკოლა და რეგიონი გამოვიცვალე, რომელ მიუსვლელ სოფელში არ ვყოფილვარ და ვინ არ შემხვედრია, მაგრამ არ ვყოფილვარ ხურვალეთში. ხურვალეთი თბილისიდან ზუსტად 40 წუთის გზაზეა და რუსეთის მიერაა ოკუპირებული. ჩემს ქვეყანაში იმისთვის, რომ სკოლაში მივიდე და ჩვენება გავმართო ერთსაათიანი შემოწმება დამჭირდა, პირადობაც ჩამაბარებინეს, შემამოწმეს, გადამამოწმეს და ბოლოს შემიშვეს. ამიხსნეს, რომ ეს ყველაფერი ჩემივე უსაფრთხოების გამო ხდებოდა, რადგან რუსების მხრიდან ხშირია პროვოკაციები. ქართველი მესაზღვრეები იმდენად გულისხმიერები იყვნენ ( მიუხედავად, იმისა, რომ მაგვიანებდნენ ), არც კი გავბრაზებულვარ. საბოლოოდ, პოლიციის მანქანით მიმაცილეს სკოლამდე, გავმართე ჩვენება (სადაც წარმოუდგენლად მაგარი ბავშვები დამხვდნენ) და წამოვედი.

ეს ყველაფერი იმისთვის ვწერე, რომ მინდა ვუთხრა ამ პროექტს #კინოსკოლაში დიდი მადლობა, რომ ასეთ შესაძლებლობებს მაძლევთ მეც და ხურვალეთის სკოლის ბავშვებსაც. მე ვმართავ ჩვენებებს საგუშაგოს გვერდით, მთიდან ოკუპანტი რუსები გადმოგვყურებენ და ჩვენ მსოფლიო კინოს განვიხილავთ. წარმოუდგენელია იმ ემოციის გადმოცემა, რაც მე მივიღე, ამას ვერცერთი ანაზღაურება ვერ შეედრება. მადლობა #კინოსკოლას და მადლობა თქვენ მეგობრებო, რომ ოდესღაც ეს პროექტი მოიფიქრეთ!“