მწვავე დაპირისპირების შემდეგ, პირველი ხანმოკლე შეხვედრა “თბილისი პრაიდის” ორგანიზატორებსა და მეუფეებს შორის შედგა. ამერიკის საელჩოში აშშ-ის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დიპლომატიურ კორპუსთან და მთავრობის წევრებთან ერთად, სასულიერო პირები და “თბილისი პრაიდის” ორგანიზატორებიც ესწრებოდნენ.
On.ge-ის მიერ გავრცელებულ ფოტოში ჩანს, რომ პატრიარქის თანამესაყდრე, მეუფე შიო და ბოდბელი ეპისკოპოსი იაკობი “თბილისი პრაიდის” ორგანიზატორებს, მარიამ კვარაცხელიასა და გიორგი თაბაგარს ესაუბრებიან.
რადიო “ფორტუნა” “თბილისი პრაიდის” ერთ-ერთ ორგანიზატორს, გიორგი თაბაგარს ესაუბრა. როგორც თაბაგარმა განაცხადა, ეს იყო დიალოგის პირველი მცდელობა და მათ მეუფეებთან საკუთარ საქმიანობაზე და პოზიციაზე ისაუბრეს.
“პირველი მცდელობა იყო დიალოგის, რეალურად აქამდე არ გვქონია შესაძლებლობა და ზოგადად, საუაბრი იყო ჩვენს საქმიანობაზე, იმაზე რა პოზიცია შეიძლება გვქონდეს სამომავლოდ. როგორც გითხარით, მცდელობა იყო და შესაბამისად, რაღაც განსაკუთრებული მოლოდინი არ გვქონია. უბრალოდ გვინდოდა გვეთქვა, თუ არის შესაძლებლობა, რომ დიალოგის ფორმატში გავაგრძელოთ ურთიერთობა და შევთანმხდეთ, რომ გვჭირდება მშვიდობიან ქვეყანაში ცხოვრება, რასაც ისინი ეთანხმებიან, უბრალოდ, რასაც ისინი არ იზიარებენ, ეს არის ქუჩაში გამოსვლა, რასაც პროპაგანდას ეძახიან. თუმცა არ არის აუცილებელი, რომ ამაზე ვთანხმდებოდეთ. ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია, რომ ურთიერთობები მშვიდობიან ფორმას არ გასცდეს და ეკლესია არ იყოს ძალადობისკენ მოწოდების სათავეში, პირიქით სიყვარულისკენ და მშვიდობისკენ მოუწოდებდეს საზოგადოებას.
არანაირი კამათი არ ყოფილა, იქ არ ყოფილა დაპირისპირების სიტუაცია, უბრალოდ ვსაუბრობდით სხვადასხვა პოზიციებიდან. ამ რეაქციებიდან გამომდინარე, რაც ამ ფოტოს ქონდა, რაც საზოგადოებამ გამოხატა და აჩვენა რომ არ მოსწონთ მოძალადე ადამიანების ხილვა, პრინციპში ამანაც აჩვენა, რომ ეკლესიისთვისაც მომგებიანი იქნება, თუ მხოლოდ სიკეთისკენ და მშვიდობისკენ იქნებიან მოწოდებული. როგორც უკვე გითხარით, კონკრეტულ საკითხებზე არ გვისაუბრია, უფრო ზოგადი სახის საუბარი გვქონდა, მშვიდობიან თანაცხოვრებაზე. ჩვენ დიალოგის გაგრძელების სურვილი გვაქვს და იმედს ვიტოვებთ, რომ ამის შესაძლებლობა მოგვეცემა”, – განაცხადა “თბილისი პრაიდის” ერთ-ერთმა ორგანიზატორმა გიორგი თაბაგარმა “ფორტუნასთან.”
მას შემდეგ, რაც “თბილისი პრაიდმა” ღირსების მარში დააანონსა, საპატრიარქომ განცხადება გაავრცელა და მოუწოდა ლგბტ აქტივისტებს არ გაემართათ მსვლელობა თბილისში. ცალკეულმა სასულიერო პირებმა კი დაგმეს ღირსების მარში და განაცხადეს, რომ პრაიდი “გარყვნილების პროპაგანდას ქადაგებდა”. ამ განცხადებებს თბილისის პრაიდის ორგანიზატორების პროტესტი და ლევან ვასაძის ორგანიზატორობით ჰომოფობიური ჯგუფების ორგანიზება მოჰყვა. საბოლოოდ, დაგეგმილი პრაიდი 20 ივნისის ანტისაოკუპაციო აქციის ძალის გამოყენებით დაშლისა და ასობით დაშავებულის გამო დროებით გადაიდო.
