LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნინი ბადურაშვილი სიმღერის პრემიერით „რადიო დუეტში“

თაკო მელიქიშვილის საავტორო გადაცემას „რადიო დუეტი” ყველასთვის საყვარელი მომღერალი ნინი ბადურაშვილი სიმღერის პრემიერით სტუმრობდა. „ზაფხულის საღამო“, სიმღერა რომელიც ეკა კახიანისა და მაია ჯაბუას შესრულებით გვახსოვს, ამიერიდან განახლებული ვერსიით ნინის რეპერტუარშიც დაიკავებს ადგილს.

გადაცემის ფარგლებში მომღერალმა ცოცხალი შესრულებაც შესთავაზა მსმენელს და გვითხრა, რომ რიმეიქები ძალიან კარგია, მაგრამ უნდა ახალი სიმღერები დაიწეროს, თავადაც მუშაობს და დაგვპირდა, რომ შემოდგომისთვის ახალი სიმღერით გვესტუმრება.

რა სიახლეებია შენთან, როგორ ატარებ ცხელ ზაფხულს?

ზაფხულს ტრადიციულად ჩემს მეორე სახლში, მცხეთაში ვატარებ. რაც შეეხება სიახლეებს, მოგიტანეთ ახალი ნამუშევარი, ძველი სიმღერის „ზაფხულის საღამო” ახალი ვერსია. სულ მეუბნებოდა ეკა, გავაკეთოთ ეს სიმღერა თავიდანო, მე კი იმდენად მომწონდა, როგორ მღეროდნენ ეკა და მაია ჯაბუა ამ სიმღერას, რომ ვფიქრობდი არ გავაფუჭოთქო. ძალიან რთულია როდესაც ორიგინალი კარგია და შენ მას ეხები. მაინც გავრისკე, მაგრამ მინდა გითხრათ,  რომ ასე არ დავტანჯულვარ არც ერთ სიმღერაზე, 5 თვეა ვაკეთებთ. ახალი ვერსია ეკუთვნის ზურა მახნიაშვილს, მის სტუდიაში დამზადდა, არანჟირება მისია. ტექსტი დათო ევგენიძეს ეკუთვნის.

შენი გოგონა ელენე რამდენად მუსიკალურია და ხომ არ გეგმავთ ოჯახურ დუეტს ან ტრიოს?

ელენე ძალიან მუსიკალური გოგოა, უნდა სიმღერა, ცდილობს და ეს  ძალიან მიხარია. ახლა აქვს ამოჩემებული „ჯამაიკა” და მღერის ყოველ დღე, დილას ამ სიმღერით მაღვიძებთ. მუდმივად უნდა სიმღერა, სტუმრები როდესაც გვყავს ყურში მეუბნება ხოლმე მამღერეო. ერთობლივ სიმღერაზე ჯერ არ გვიფიქრია, ვნახოთ.

როგორია სამომავლო გეგმები?

ძალიან მინდა, რომ ყველამ ახალი სიმღერები ჩავწეროთ, რიმეიქები ცოტა ყელში ამოვიდა. ვგეგმავ რაღაცეებს, მაგრამ პრეტენზიული გავხდი და დავტანჯე ყველა, ერთ დღეს მომწონს, მეორე დღეს არა. მეც ვწერ სიმღერებს. აჭარაში, ბათუმში ან ქობულეთში სავარაუდოდ მექნება კონცერტი, ჯერ კონკრეტული თარიღი და ლოკაცია არვიცი.

მადლობა სტუმრობისთვის…

 

ნინი ბადურაშვილი – ზაფხულის საღამო

 

გადაცემის აუდიოჩანაწერი

 

 

ნინი ბადურაშვილი – თქვი. Live

 

ნინი ბადურაშვილი. ვიდეო კოლაჟი