LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეს დაახლოებით იგივეა, რაც 2008 წლის აგვისტოს წინა პერიოდში იყო – გია ვოლსკი

პარლამენტის ვიცე-სპიკერი ექსკლუზიურად “ფორტუნას” გადაცემა “დღის თემაში” ამბობს, რომ ქვეყანაში შექმნილი სიტუაცია 2008 წლის აგვისტოს ომამდე არსებულ სიტუაციას აგონებს. ის ამ განცხადებით გიორგი გაბუნიას პირდაპირ ეთერში გინებას გამოეხმაურა.

“თავს უფლებას მივცემ ვთქვა, ბევრი ინფორმაცია მაქვს ამასთან დაკავშირებით, იგივე ხდებოდა 2008 წლის აგვისტოს წინა პეიროდში. როგორც მაშინ მოახდინეს სამხედრო ინტერვენციის ორგანიზება, ახლა ეკონომიკური აგრესიის პროვოცირების მოხდენის აშკარა ნიშნებია. ხელწერა არ იცვლება. მე ვფიქრობ, საზოგადოებამ არჩევნების დროს უნდა იფიქროს, დღესაც, რომ პროვოკაციებს არ აყვნენ, ეს არის ამოცანა და ამას უნდა გავართვათ თავი”, – აცხადებს ვოლსკი.  

აქციაზე ძალის გამოყენება ლეგიტიმური იყო - გია ვოლსკი

მისი თქმით, ხელისუფლების მიმართ პროპაგანდისტული შეტევა ძირითადად იმ მიმართულებითაა, რომ არაფერი ხდებოდა, შეჯახება არ ყოფილა და შეჯახებისას პროვოკაცია რა მომხდარა. ვოლსკი აცხადებს, რომ ეს არასწორია.

პარლამენტის ვიცე-სპიკერი “დღის თემაში” იმასაც ამბობს, რომ შეიძლება, “რუსთავი 2”-ს სტრასბურგის გადაწყვეტილების შესახებ რაღაც ინფორმაცია აქვს და სურს, თავი პრორუსული ძალების მსხვერპლად წარმოაჩინოს.

გია ვოლსკი: “ეს არ არის ჩვეულრივი ამბავი. ვერავის მოატყუებს, რომ ეს არ იცოდნენ სხვებმა, ეს არავის სჯერა. ბევრი საპროვოკაციო საშუალება და რესურსი აქვს, როცა ადამინი მოინდომებს, რომ ქვეყანას რაიმე დაუშავოს. მე ვხედავ გარკვეულ სტრატეგიას და აქ სპონტანური არაფერი მომხდარა. სამიზნე არის ეროვნული ვალუტის კურსი, მეწარმეები, მეღვინეები, მეხილეები, მეციტრუსეები, ყველა სამიზნეა, ისინი ჩავარდნენ გამოუვალ მდგომარეობაში.

ვფიქრობ, გარკვეული ინფორმაცია აქვთ სტრასბურგის მოსალოდნელ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით. 18-ში უნდა გამოაცხადოს სტრასბურგმა. ამით, შეიძლება, “რუსთავი 2″-ს სურს წარმოჩენა, რომ ის მსხვერპლია პრორუსული ძალების, რომელიც მასზე იწევენ და მუშტებზე უქნევენ, შეიძლება ფიზიკურ ძალადობაზე გადავიდნენ”. 

“ფორტუნას” შეკითხვაზე, ხელისუფლებას ხომ არ აქვთ წინასწარ ინფორმაცია ან ზოგადად, რა მოლოდინი აქვთ ევროსასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, ვოლსკიმ უპასუხა, რომ ამ საკითხს პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდონ.

“ხელისუფლება, ვინც არ უნდა იყოს, პასუხისმგებლობით უნდა ეკიდებოდეს სტრასბურგის გადაწყვეტილებას. წინასწარ არაფრის თქმა არ შეიძლება. როგორიც არ უნდა იყოს ის, უნდა შევასრულოთ. რა ინფორმაცია აქვთ, არ ვიცი, მაგრამ ეს ყველაფერი, ლგბტ აქციები, მათთან დაპირისპირების თემა, პროვოცირება შიდა სამოქალაქო დაპირისპირების, რუსეთს პროვოცირება სანქციებთან მიმართებაში ერთმანეთთან კავშირშია”, – აცხადებს გია ვოლსკი.