ბრძანება მე გავეცი, მე ვიმოქმედე საქართველოს კონსტიტუციის და კანონმდებლობის ფარგლებში, ნარინჯისფერი ტყვია არის არალეტალური, – ამის შესახებ შს მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა.
„ბრძანება მე გავეცი, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ამ აქციამ მიიღო ძალადობრივი ხასიათი, მანამდე უბრალოდ მე იქ არ ვიყავი. მე ვიმოქმედე საქართველოს კონსტიტუციის და კანონმდებლობის ფარგლებში. სწორედ ამ კონსტიტუციის და კანონმდებლობის ფარგლებში გავეცი ის ბრძანება, რომ პოლიციას გამოეყენებინა სპეციალური საშუალებები, რომლებიც არის აბსოლუტურად კანონმდებლობით სრულად გაწერილი. პოლიციის და შს სამინისტროს ძირითადი ვალდებულებაა დაიცვას ამ ქვეყნის ინსტიტუტები და მართლწესრიგი“,- განაცხადა გახარიამ TV პირველის ეთერში.
რაც შეეხება ნარინჯისფერ ტყვიებს, რომელიც აქციის დაშლისას იყო გამოყენებული, გახარიას თქმით, მისი გამოყენება პოლიციისთვის დასაშვებია.
„ეს ნარინჯისფერი ტყვია არის არალეტალური და ის მთელ მსოფლიოში, მათ შორის, საქართველოში, კანონით არის გათვალისწინებული სამართალდამცავი სისტემის მიერ გამოსაყენებლად“,- აღნიშნა გახარიამ..
შინაგან საქმეთა მინისტრის შეაფასებით 20 ივნისის მოვლენებზე მედიაში გავრცელებული ახალი კადრები, სადაც ნიკა მელია და სხვა პოლიტიკოსები ფიგურირებენ, არის სრული ფარსი.
როგორც გახარიამ განაცხადა, მაშინ როდესაც ნიკა მელია მიმართავდა აქციის მონაწილეებს პარლამენტში შეხვედრაზე შესვლაზე, პარალელურად, სხვადასხვა ფლანგებიდან პარლამენტზე და პოლიციაზე მიდიოდა ორგანიზებული შტურმი.
