რუსთავი2-ის ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა ტელეკომპანიიდან წასვლის შემდეგ, “ფეისბუქზე” პირველი ვიდეომიმართვა გაავრცელა.
ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ ეს პერიოდი დასასვენებლად და “რუსთავი 2-იდან” გამოსაყოფად დასჭირდა.
გვარამიამ აღნიშნა, რომ “რუსთავი 2” რუსებმა წაიღეს და ამ აზრიდან ვერავინ გადაარწმუნებს. ასევე მან განაცხადა, რომ ყველაფერი უნდა გაკეთდეს მათ მიერ დაწყებული საქმის – ივანიშვილის წასვლის დასასრულებლად.
“უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რომ ნამდვილი, მართალი ქვეყანა შენარჩუნდეს. უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რომ ბიძინა ივანიშვილმა ეს ქვეყანა ვერ წაგვართვას. მე და ჩემმა მეგობრებმა, ყველაფერი მივიყვანეთ იქამდე, რომ მხოლოდ გასაფორმებელი გახდა ამ კაცის წასვლა. ამ ტელეკომპანიის წართმევა, მოხდა ზუსტად ამის წინააღდეგ, ეს ზუსტად იმის გამოხმაურებაა რაც სურდათ რუსებს,” – განაცხადა გვარამიამ.
მანვე ახალი „იარაღის შექმნა“ დააანონსა, თუმცა დეტალები არ დაუკონკრეტებია.
„რუსთავი 2“ იყო მხოლოდ ირაღი ჩვენ ხელში, იარაღი ქვეყნის დასაცავად. როცა გვართმევენ ერთ იარაღს უნდა მოვიმარჯვოთ მეორე. საქმე მებრძოლებში და ბრძოლაშია და არა იარაღში, იარაღი მნიშვნელოვანია ძალიან, მაგრამ იარაღი შეცვლადია. ნებისმიერ ვითარებაში, როგორიც არ უნდა იყოს სიტუაციის სირთულე, აუცილებლად უნდა მოვიგონოთ სხვა იარაღი, რომელსაც მოვიმარჯვებთ, რომელსაც საქართველოს საქმეს მოვახმართ.
ეს მხოლოდ ჩვენი გონიერების, შრომის, მოხერხებულობის, თავდადების და თანმიმდევრულობის საქმეა. მიმაჩნია, რომ ეს ყველაფერი მეც მაქვს და მგონია, რომ ეს ყველაფერი იმ ადამიანებსაც აქვთ, ვისიც მეიმედება ამ ბრძოლაში.
ვინ არიან ეს ადამიანები? ამაზე ჯერ არ ვილაპარაკებ. როგორი იქნება ეს იარაღი? ასევე არ ვილაპარაკებ ჯერ, მაგრამ იქნება ნიკა გვარამია, იქნებიან მისი მეგობრები, იქნება ახალი იარაღი და, მთავარია, იქნება ის იდეები, რომლებსაც ჩვენ ვემსახურებოდით და იქნება პროფესიონალიზმი, როგორითაც ჩვენ ამ იდეებს ვემსახურებოდით. ასე რომ, ყველაფერი წინაა. ხელები არ უნდა ჩამოვუშვათ. მოკლეს „რუსთავი 2“, მაგრამ არ მოუკლავთ ქვეყანა, არ მოვუკლივართ ჩვენ და ჩვენ მზად ვართ ვემსახუროთ ჩვენს ქვეყანას.
დედა*** სვავო, ჩვენ დავბრუნდით, იყავი ჩვენთან ერთად და მოიპოვე თავისუფლება ჩვენთან ერთად, ძალიან მალე!” – ამბობს გვარამია მიმართვაში.
18 ივლისს ბიზნესმენმა ქიბარ ხალვაშმა „რუსთავი 2“-ის გენერალურ დირექტორად პაატა სალია დანიშნა, რომელმაც ამ პოზიციაზე ნიკა გვარამია შეცვალა.
