დიდ ბრიტანეთში პიტერ გებრიელის მიერ დაფუძნებულ ფესტივალზე ქართულმა ფოლკ-ჯგუფმა „იბერი“ 2000-ზე მეტი მსმენელი, რომელიც ქალაქ მალმსბურში, ჩარლტონ პარკში მათ კონცერტზე დასასწრებად იყო მისული, ქართულ სიმღერასა და ცეკვას აზიარა.
მსმენელმა მათ ექსპერიმენტში მონაწილეობაც მოისურვა და შედეგად, მოგვიანებით, როდესაც „იბერი“ ვორქშოფს ატარებდა, რომელსაც 500-ზე მეტი ადამიანი დაესწრო, შეკრებილმა საზოგადოებამ არა მხოლოდ ქართული სიმღერა ისწავლა, არამედ ცეკვის ილეთებიც მოსინჯა და საკმაოდ საინტერესო სანახაობაც გამოვიდა.
ეს ანსამბლ „იბერისთვის“ საზღვარგარეთ პირველი გასტროლები არაა. მალე ჯგუფი სამხრეთ კორეაში და ტაივანში გაემგზავრება, მოგვიანებით კი შვეიცარიას მიაშურებენ, სადაც ძალიან საინტერესო კოლაბორაცია ელოდებათ.
