„რადიო დუეტის” სტუმარი კომპოზიტორ-შემსრულებელი თამრიკო მეჭიაური იყო, მან პირდაპირ ეთერში ცოცხლად შეგვისრულა სიმღერა „გაწვიმდება” , რომელიც ამ დრომდე არსად გაჟღერებულა, ასევე 12 წლის წინ დაწერილი საავტორო სიმღერის „ვერ გივიწყებ” ახალი ვერსია შემოგვთავაზა, რომელსაც ნინო ჩხეიძე ასრულებს, ტექსტის ავტორი ნანა ცინცაძეა, ახალი არანჟირება კი ზაზა გოჩიტაშვილს ეკუთვნის…
სამომავლო გეგმებზე საუბრისას ავტორ-შემსრულებელმა აღნიშნა, რომ აპირებს საავტორო სიმღერების ალბომის გამოშვებას, ასევე აღნიშნა რომ კლასიკოსი მომღერალია და ქალაქური ჟანრს ცოტა ხანში დაემშვიდობება და განსხვავებულ ამპლუაში გაგვაცნობს თავს…
როგორ განწყობაზე ხართ?
ძალიან უდარდელ და მხიარულ განწყობაზე ვარ და მიხარია რომ თქვენთან ვარ.
რა სიახლეებია თქვენთან?
ვიწყებ ჩემი საავტორო სიმღერების ჩაწერას, მინდა ახალი ალბომი გავაკეთო, ჯერ ვაგროვებ სიმღერებს. სიმღერბი იწერება თვეში ან ორ თვეში ერთხელ, მუზა უნდა მოვიდეს, თემა, მომწიფება და მომზადება სჭირდება ყველაფერს, ხანდახან ტექსტი ჩემია, თუ არა მაშინ ნანა ცინცაძის ტექსტებს ვიყენებთ.

მოგვიყევი ახალ სიმღერაზე რომელსაც დღეს ვაპრემიერებთ?
ამ სიმღერას ნინო ჩხეიძე ასრულებს, „ვერ გივიწყებ”, ნანა ცინცაძის ტექსტია, 12 წლის წინ დაიწერა. ძალიან კურიოზულად შეიქმნა ეს სიმღერა, საგარეჯოდან მოვდიოდით კონცერტის შემდეგ, უცებ წავიღიღინე, ნანა ცინცაძეც იქ იყო, მითხრა მოიცადეო, ბლოკნოტი ამოიღო და შექმნა ტექსტი, სანამ თბილისში ჩამოვედით ღიღინ-ღიღინით სიმღერა შექმნილი იყო. არანჟირება და ხმის რეჟისურა ზაზა გოჩიტაშვილს ეკუთვნის.
როგორია სამომავლო გეგმები?
ამ რამდენიმე სიმღერის შემდეგ შეიძლება ქალაქურ ჟანრს დავემშვიდობო, მე ვმღერი როგორც ჯაზს, ასევე ბლუზს, ტრადიციულ ქართულ სიმღერებს, კლასიკოსი მომღერალი ვარ და მინდა მსმენელს სხვა ჟანრში მივაწოდო საკუთარი თავი, ალბათ პოპს ავირჩევ.
მადლობა სტუმრობისთვის…
თამრიკო მეჭიაური – ვერ გივიწყებ
გადაცემის აუდიოჩანაწერი
თამრიკო მეჭიაური – გაწვიმდება. Live
თამრიკო მეჭიაური. ვიდეო კოლაჟი
ფოტოები


