LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ყველაფერი გამჭვირვალეა“ – პროკურატურაში “რუსთავი2”-ის კონტრაქტორი კომპანიის ხელმძღვანელი გამოიკითხა

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის კონტრაქტორი კომპანია „ინტერმედიას“ ხელმძღვანელი პროკურატურაში გვიან ღამემდე იკითხებოდა.  ზურაბ იაშვილის განცხადებით, გამომძიებლების კითხვები, ძირითადად “ინტერმედიას საქმიანობას და “რუსთავი2” – თან კავშირებს შეეხებოდა.

ადვოკატი ამბობს, რომ კომპანიის საქმიანობაში დარღვევები არ არსებობს. ბექა ბასილაია გამოძიების ფორსირებულ რეჟიმში მიმდინარეობისა და გამოძიების მოტივთან დაკავშირებით არსებული ეჭვების შესახებ ამახვილებს ყურადღებას.

“ყველა კითხვას გაეცა ამომწურავი პასუხი, არანაირ კრიმინალურ ქმედებას “ინტერმედიას” საქმიანობაში ადგილი არ ჰქონია, უფრო მეტიც, არანაირ საგადასახადო დარღვევასაც კი და ეს ნათლად არის დოკუმენტებში. კითხვები ეხებოდა სარეკლამო დროის ღირებულებას და ა.შ. მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, როდესაც გამოძიება ხდება ფორსირებულ რეჟიმში და კეთდება ის განცხადებები, რომელსაც ჩვენ სახელისუფლებო წარმომადგენლებისგან ვისმენთ, ეს ამ გამოძიების მოტივაციასთან დაკავშირებით აჩენს სერიოზულ კითხვის ნიშნებს,”-განაცხადა ბასილაიამ.

კომპანია “ინტერმედია” წლებია, “რუსთავი 2-ის” კონტრაქტორია, სარეკლამო ბაზრის დიდ ნაწილს აკონტროლებს და სხვა ტელეარხებთან ერთად “რუსთავი 2-ის” სარეკლამო დროს ყიდის.

შეგახსენებთ, გამოძიება სამაუწყებლო კომპანიის 9 პროცენტიანი წილის ყოფილი მფლობელის ნინო ნიჟარაძის საჩივრის საფუძველზე დაიწყო.

საუბარია დიდი ოდენობით თანხის მითვისების, სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით დიდი ოდენობით ქონების გადამალვასა და უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაზე.