LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

50 წლიანი ისტორიის მქონე ,,კვარტეტი თბილისის” ახალი ალბომი, რომელიც ,,მეგობრებისთვის, შვილებისა და შვილიშვილებისთვის შეიქმნა”

ლაშა რამიშვილის საავტორო გადაცემას ,,ღვინო, დუდუკი, ქალები” 50 წლიანი ისტორიის მქონე ,,კვარტეტი თბილისი” სტუმრობდა. ირმა სოხაძემ, რეზო ასათიანმა და ირაკლი ნიკოლაიშვილმა ,,არ დაიდარდოს” სტუდიაში მათი შემოქმედებითი გზა და არა ერთი საინტერესო ისტორია გაიხსენეს, გადაცემის ფარგლებში შედგა ცოცხალი შესრულებაც და გაჟღერდა არა ერთი სიმღერა მათი რეპერტუარიდან.

,,ლეგენდების”  როგორც გადაცემის წამყვანმა მის სტუმრებს უწოდა, სტუმრობის მთავარი მიზანი კი ,,კვარტეტი თბილისის” ალბომის პრეზენტაცია იყო, რომელიც რეზო ასათიანის თქმით ,,მეგობრებისთვის, შვილებისა და შვილიშვილებისთვის შეიქმნა” …

ბატონო რეზო, მოგვიყევით როგორ დაიწყო ყველაფერი?

რეზო ასათიანი:

18-19 წლის ბიჭები ვიყავით, ერთ-ერთი ფეხბურთის თამაშის დროს ჩვენს მეგობართან ავედით სახლში, მუსიკალური განათლება არც ერთს არ გვქონდა, ჩემს მეგობარს ვახტანგ რევიას ,,ვაწიკას” დავუძახე, სამხმოვანებაში ვერკვეოდით, მაგრამ დაგვაინტერესა რა იყო კვარტეტში სიმღერა, ის პერიოდია ,,ორერა”, ,,ივერია”, ”,,დიელო”, ,,გაია” ძალიან მაგარ ფორმაში რომ იყვნენ.  ჩვენ რაღაც ბრაგა-ბრუგი რომ დავიწყეთ უცებ მუღამს მივხვდით, ავარჩიეთ გოგი ცაბაძის ,,ჩემი თბილისის საღამო”, მივყევით და დავშალეთ ოთხ ხმაში. ირაკლი ნიკოლაიშვილი იქვე მეზობლად ცხოვრობდა, დავუძახეთ, ,,ბიტლიკა”  გივი კაპანაძე  ჩვენი მეგობარი იყო და ისიც მოვიწვიეთ. რომ გამოგვივიდა, ხომ იცით, მადა ჭამაში მოდისო და გადავწყვიტეთ ტელევიზიაში მივსულიყავით და გვემღერა, ტელეციზიაში მუშაობდა ირაკლი გიგაური, კომპოზიტორი, რომელმაც მოიწონა ჩვენი სიღერა და გვითხრა, რომ მე მოგიტანთ სიმღერებსო, ერთი იყო აკაპელა ,,მოდი დამხატე” ურთულესი სამღერი, მახსოვთ დავიხოცეთ ბიჭები და მეორე სიმღერა იყო ,,მე ვარ თამადა” რეზო ამაშუკელის ლექსზე, ეს სიმღერა უცებ გახდა პოპულარული…

ირმა სოხაძე:

ეს კოლექტივი 1969 წელს შეიკრიბა და 1972 – ში მე გავხდი მათი სოლისტი, 7-8 წელი ვიმუშავეთ ერთად, მოვიარეთ ნახევარი მსოფლიო, მივიღეთ ფეტივალებში მონაწილეობა, გავმართეთ ძალიან ბევრი კონცერტი, ეს იყო უბედნიერესი წლები. 1975 წელს მე და რეზო შევუღლდით და მას შემდეგ ასე ვუძლებ და ვარ, ახლა დავასწარი ამის თქმა თორემ თავად იტყოდა აუცილებლად.

ძალიან მიხარია, რომ მოვაბით თავი და განვახორციელეთ რეზოს იდეა, ჩავწერეთ ალბომი, ეს რა თქმა უნდა არ არის კომერციული პროექტი, ასეთი მინაწერი აქვს ამ ალბომს  ”მეგობრებისთვის, შვილებისთვის და შვილიშვილებისთვის”.  დიდი სიყვარულით არის ეს ყველაფერი შექმნილი, ასე მოვდივართ წლებია და მიხარია, რომ  ალბომით დაგვირგვინდა.

საიდან გაჩნდა ამ ალბომის შექმნის იდეა და რატომ აქამდე არ ?

იცით როგორ იყო, 1977-78 წლებში ბიჭებმა თავი დავანებეთ სიმღერას, ჩვენს სპეციალობებს დავუბრუნდით და იშვიათად, რაღაც გადაცემისთვის თუ შევიკრიბებოდით და ჩავწერდით რაიმეს, ან ირმას კონცერტზე თუ ვიმღერებდით. წელს გავიდა 50 წელი მას შემდეგ რაც პირველად შევიკრიბეთ ბიჭები და თავში მომივიდა სწორედ ეს იდეა,  ვიფიქრე მოდი მოვიძიოთ და ჩავწეროთ ალბომადთქო, ბევრი სიმღერა ვერ ვიპოვეთ, ზოგი 80-იანი წლების ჩანაწერებიდან ავიღეთ. ჩვენი კვარტეტის წევრი ვახტანგ რევია 13 წლის წინ გარდაგვეცვალა და ფაქტიურად მას მივუძღვენით ეს დისკი და ასევე ჩვენს ძმაკაცებს. რადგან ერთ-ერთი წევრი გვაკლდა დავიხმარეთ მეგობრები, ნუგზარ კვაშალი, ზურა კობეშავიძე, ლევან გოგიჩაიშვილი, მეგობრულ-ძმაკაცურად გავაკეთეთ და ერთი დიდი პურმარილიც მივუძღვენით, იგივე პრეზენტაცია, კარგი ქეიფი კი გამოგვივიდა, დიდი სიყვარული და სითბო სუფევდა, პურმარილი უკეთესი გამოვიდა, მე მგონია, ვიდრე დისკი საერთო ჯამში.

ბატონო ირაკლი, ამდენი ხნის მეგობრობა გაკავშირებთ, ამხელა შრომა წლების განმავლობაში, ამ გადმოსახედიდან დღეისათვის თქვენთვის როგორია  სიმღერა იმ წლებთან მიმართებაში?

ირაკლი ნიკოლაიშვილი:

თქვენ წარმოიდგინეთ დიდი განსხვავება არ არის.  ჩვენ, სიმღერამ, მიუხედავ იმისა, რომ პროფესიონალები არ ვიყავით მოგვცა ერთი უძვირფასესი რამ, ერთმანეთის თავი გვაპოვნინა, დღე და ღამე ერთად ვართ, ვფიქრობ ხოლმე ნეტა ის წლები დამაბრუნებინათქო. მთელი ცხოვრებაა ერთად ვართ და მადლობის მეტი არაფერი მეთქმის…

დიდი მადლობა სტუმრობისთვის…

 

კვარტეტი თბილისი – გათენება ხარ ჩემი

 

კვარტეტი თბილისი – თამადა

 

კვარტეტი თბილისი – ვედრება

 

კვარტეტი თბილისი – მიდიან წლები

 

გადაცემის აუდიოჩანაწერი

 

ირმა სოხაძე და კვარტეტი “თბილისი” – ატმის ვარდისფერ რტოებს. Live

 

ირმა სოხაძე და კვარტეტი “თბილისი” – გოგოვ გოგოვ. Live

 

ირმა სოხაძე და კვარტეტი “თბილისი”.  ვიდეო კოლჟი

 

ფოტოები