“რუსთავი 2”-ის ყოფილი გენერალური დირექტორი სასამართლოში გამოკითხვის ოქმის გასაცნობად დაიბარეს. ნიკა გვარამია „რუსთავი 2“-თან საუბარში კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ მის წინააღმდეგ მიმდინარეობს უკანონო პროცესი და დაწყებული გამოძიებაც მის მიერ დაანონსებულ ტელევიზიის შექმნას უკავშირდება.
გვარამიას პროკურატურის სამომავლო ნაბიჯებთან დაკავშირებით პროგნოზის გაკეთება უჭირს, თუმცა ამბობს, რომ დაწყებულ საქმეს მაინც ბოლომდე მიიყვანს.
„წარმოუდგენელი რამე ხდება. თან ვინ მედავება, ქურდის ქურდი. წარმოუდგენელი რამე ხდება. ჩვენ არ ვლაპარაკობთ ჩვეულებრივ ვითარებაზე, ჩვენ ვლაპარაკობთ იმაზე სადამდე წავა უკანონობა.
დაველოდოთ მოვლენების განვითარებას. ჩემთვის ნებისმიერი განვითარება არის აბსოლუტურად გასაგები. მზად ვარ ნებისმიერი განვითარებისთვის და ის ადამიანები რომლებიც მუშაობენ ჩემთან ერთად და გუნდი უკვე არსებობს და ყველას თავისი დავალება აქვს, მაინც მიიყვანენ საქმეს ბოლომდე. მთავარი უკვე გაკეთებულია. ძირითადი გუნდი არსებობს და მათ იციან რა უნდა ქნან. ახლა მე სად ვიქნები ამ დროს არსებითი მნიშვნელობა არ აქვს,“-განაცხადა ნიკა გვარამიამ.
ნიკა გვარამიამ ახალი არხის შექმნა მას შემდეგ დაანონსა, რაც ტელეკომპანიის ახალმა მფლობელმა, ქიბარ ხალვაშმა გაათავისუფლა. ახალი არხის შექმნა დაანონსა რუსთავი 2-ის საინფორმაციო სამახურის ხელმძღვანელმა, ნოდარ მელაძემაც.
ქიბარ ხალვაშმა რუსთავი 2 მას შემდეგ გადაიფორმა, რაც სტრასბურგის სასამართლომ დროებითი შეჩერების მექანიზმი გააუქმა.
