11 წლის წინანდელი სამხედრო აგრესია, საზღვრების შეცვლის მცდელობა, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეტანხმების შეუსრულებლობა და საქართველოს მოქალაქეების გატაცება-მკვლელობები – ეს ის მთავარი საკითხებია, რაზეც საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებაში ყურადღებას ამახვილებს.
აქ აღნიშნულია, რომ რუსეთს ჯერ კიდევ არ შეუსრულებია 12 აგვისტოს შეთანხმება, აგრძელებს ვალდებულებების დარღვევას, ასევე წერია, რომ მოსკოვი თავის უკანონო სამხედო ყოფნას ადგილზე კიდევ უფრო მეტად აძლიერებს.
“ცდილობს, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობა იზოლაციაში მოაქციოს დანარჩენი საქართველოსგან. ამ მიზნით რუსეთის ფედერაცია მიზანმიმართულად აგრძელებს საოკუპაციო ხაზზე მავთულხლართებისა და ხელოვნური ბარიერების აღმართვას, ე.წ გადასასვლელი პუნქტების დახურვას, თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვას“, – ნათქვამია განცხადებაში.
საგარეო უწყება აღნიშნავს, რომ შეშფოთებას იწვევს ოკუპირებულ რეგიონებში დარჩენილი ქართველი მოსახლეობისთვის მშობლიურ ენაზე განათლების აკრძალვა და ღირსების შელახვა.
“კიდევ უფრო საგანგაშოა ეთნიკურ ნიადაგზე წამებისა და მკვლელობის შემთხვევები, რასაც ადასტურებს დავით ბაშარულის, გიგა ოთხოზორიასა და არჩილ ტატუნაშვილის სიცოცხლის ხელყოფის ფაქტები”, – წერია განცხადებაში.
საგარეო საქმეთა სამინისტრო ხაზს უსვამს, რომ ამ ფონზე კიდევ უფრო აშკარაა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის შესვლის აუცილებლობა.
განცხადებაში აქცენტი გაკეთებულია ხელისუფლების ქნაბიჯებზე და აღნიშნულია, რომ საქართველოს მთავრობა განუხრელად აგრძელებს რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პოლიტიკას, მოლაპარაკებებისა და დეესკალაციისაკენ მიმართული ძალისხმევის გზით.
“იმ ფონზე, როცა რუსეთის ფედერაცია მიზანმიმართულად ცდილობს სამშვიდობო მოლაპარაკებების ფორმატების დაზიანებას, საქართველო განაგრძობს კონსტრუქციულ ჩართულობას ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში და ძალისხმევას არ იშურებს რუსეთის უკანონო ოკუპაციის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული პრობლემების გადასაჭრელად”, – ნათქვამია განცხადებაში.
საგარე საქმეტა სამინისტრო აღნიშნავს, რომ ქართული მხარე საერთაშორისო თანამეგობრობის ურყევ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, ასევე მის წვლილს რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების პროცესში განსაკუთრებულად აფასებს.
“საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, შეასრულოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები, პატივი სცეს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში”, – წერია განცხადებაში.
საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადების ბოლოს აღნიშნავს, რომ სამძიმარს უცხადებს 2008 წლის ომში გმირულად დაღუპული მებრძოლებისა და მშვიდობიანი მოსახლეობის ოჯახებსა და ახლობლებს.
