LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი ხუხია პეკინის ინციდენტზე: „პაციენტი გადის კლინიკიდან და არავინ ინტერესდება მისი ბედით…“

„მაესტროს“ ჟურნალისტი, გიორგი ხუხია რამდენიმე დღეა, პეკინზე მომხდარი ინციდენტის გაშუქებაზე მუშაობს. ჟურნალისტმა ინციდენტის მონაწილე ქალის დედასთან ვრცელი ინტერვიუ ჩაწერა. შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ პეკინზე არასრულწლოვანი სახის არეში დაჭრა ქალმა, რომელიც უკვე დაკავებულია. 

გიორგი ხუხია:

„რამდენიმე დღეა ვმუშაობ დაჭრილი პატარას თემაზე და შეხება მაქვს ყველა მხარესთან. მაყურებლის და სოციალური ქსელების მომხმარებლების დიდი ნაწილი ჯიუტად მხოლოდ ერთი მხრიდან უყურებს პრობლემას და ითხოვს ბრალდებული ქალის დაჩეხვას, მისი მოხუცი დედის დაწვას და ახლობლების გადასახლებას.

თავისთავად უმძიმესი ფაქტია და ყველა შეგვძრა ბავშვის დაჭრის ამსახველი კადრების ნახვამ. თუმცა, არავინ შეხედა საკითხს ასე – რატომ შეიძლება ყოველგვარი მიზეზის და შურისძიების მოტივის გარეშე ქუჩაში გამვლელს მივარდეს ვინმე და დანით სასიკვდილოდ გაიმეტოს? პასუხია: იმიტომ, რომ ფსიქიკური აშლილობის ამ უმძიმესი შემთხვევის დროს ადამიანი ქცევას ვერ აკონტროლებს, ვერ ფიქრობს ვერც შედეგზე და საერთოდ ვერაფერზე. მოქმედებს ინსტიქტურად და ამ ინსტინქტს ბმა არ აქვს გონებასთან. ეს არის უმძიმესი და ურთულესი შემთხვევა და შესაძლოა, პაციენტს განუვითარდეს სპონტანურადაც და ხანგრძლივი პროგრესირებით.

ამიტომ – ვერც დედა და ვერც ახლობლები ვერ განსაზღვრავდნენ, რომ ერთ დღეს პაციენტი სახლიდან ქუჩაში დანით გავიდოდა და უდანაშაულო გამვლელს მოსაკლავად გაიმეტებდა.

პრობლემა მიდის არასათანადო სახელმწიფო პოლიტიკამდე – როცა ადამიანს მწვავე ფსიქიკური აშლილობის დიაგნოზი მრავალი წლის წინ დაუსვეს, როცა ფსიქიატრიულ დაწესებულებაში არაერთხელ იყო ჰოსპიტალიზებული, კონსილიუმი მას სახლში უშვებს და არ არსებობს პერიოდული მონიტორინგის სავალდებულო სისტემა. ანუ პაციენტი გადის კლინიკიდან და არავინ ინტერესდება – ხომ არ აქვს მწვავე და აგრესიული აშლილობის კვლავ განვითარების ნიშნები. არავინ მოიკითხავს თუნდაც თვეში ერთხელ – ცოცხალია თუ არა პაციენტი. ერთჯერადი ინტერვენციული ჩარევების შემდეგ მას არაპროფესიონალი ახლობლების და საკუთარი თავის ამარა ტოვებენ. შედეგად ვიღებთ იმას, რაც მივიღეთ.

ყველაფერი სხვა: პაციენტის სიკვდილით დასჯის სურვილი, მისი ოჯახის წევრების გადასახლების მოთხოვნა, თუნდაც ადვოკატის არაადეკვატური განცხადების ატაცება და მისი დასჯის მოთხოვნა – ქვიშაში თავის ჩაყოფის გარდა არაფერია. ემოციების გვერდზე გადადებით აუცილებლად გამოვიტანთ სწორ დასკვნებს – ვინ არის ამ ყველაფერში რეალური დამნაშავე“.