LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შვილი ხარაჩოზე აიყვანა, ფეხები მეტალის ჯაჭვით შეუკრა… ხელში ჯოხი დაარტყა – მამას 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

არასრულწლოვანი შვილის ცემასა და წამებაში ბრალდებული ბ.ი თბილისის საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ ცნო და 10 წლის თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

საქმე ეხება 2019 წლის მაისში ჩადენილ დანაშაულს. როგორც გამოძიებამ დაადგინა, 2019 წლის 12 მაისს, ბ.ი.-მ, წინააღმდეგობის გაწევისა და თხოვნის მიუხედავად არასრულწლოვანი შვილი ვაზის ტალავერის ქვეშ განთავსებულ ხარაჩოზე აიყვანა, ფეხები მეტალის ჯაჭვით შეუკრა, რომლის დაბოლოებაც ტალავერზე დაამაგრა.

ბ.ი. ამგვარ ქმედებას, დაზარალებულის მიმართ პერიოდულად, 2019 წლის 12 და 13 მაისს ახორციელებდა, ვიდრე ადგილზე, სოციალური სამსახურის თანამშრომლები შემთხვევით არ მივიდნენ.

სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2019 წლის 11 მაისს, საღამოს საათებში, ბ.ი.- მ არასრულწლოვანი შვილის მიმართ ძალადობა განახორციელა და ფეხისა და ხელის არეში ჯოხი დაარტყა.

სამართალდამცველებმა ბ.ი. 2019 წლის 13 მაისს, ქ.თბილისში დააკავეს. მას ბრალად არასრულწლოვან ოჯახის წევრზე ძალადობა  და წამება ედება.