25 სექტემბერს ჯანსუღ კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ–კულტურული ცენტრი, 27-ე საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალის „შემოდგომის თბილისი“ ფარგლებში უმასპინძლებს ვოკალურ ანსამბლს „ლატვიური ხმები“.
ანსამბლი შეიქმნა 2009 წელს და მას შემდეგ ისინი მონაწილეობენ სხვადასხვა საერთაშორისო მუსიკალურ ფესტივალებში, მათ იწვევენ ვორქშოპებზე ისეთი არტისტები, როგორიც არიან „კინგ სინგერს“ და მართავენ საკონცერტო ტურნეებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით. გარდა ამისა, 2017 წლიდან ანსამბლი კურირებს საკუთარ ძალზე წარმატებულ ყოველწლიურ ა კაპელა ფესტივალს ლატვიაში. ანსამბლი ლაიფციგის (გერმანია), საერთაშორისო ა კაპელა კონკურსის გამარჯვებული და მსოფლიოს საგუნდო თამაშების (ცინცინატი, აშშ) 2012 წლის ჩემპიონია. „ლატვიური ხმების“ რეპერტუარი მოიცავს როგორც ლატვიურ ხალხურ სიმღერებს, ასევე თანამედროვე კომპოზიტორების ქმნილებებს. მათი გამოსვლები გამდიდრებულია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების ცნობილი სიმღერების არანჟირებებით, რომლებიც კონცერტებს ჭეშმარიტად გლობალურ ელფერს ანიჭებენ.
