LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ძაღლის ყოლა სიკვდილიანობის რისკს 24%-ით ამცირებს – კვლევის შედეგები

„კვლევამ დაადგინა, რომ ის ადამიანები ვისაც ძაღლი ყავს, უფრო დაცულები არიან“, – ამბობს მონტ სინაის ენდოკრინოლოგი ქეროლაინ კრემერი.

ახალი სისტემური გლობალური კვლევა 70 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. შედეგები კი გამოცემა “Circulation”-ში ახლახან გამოქვეყნდა.

ადამიანის საუკეთესო მეგობარსა და ჯანმრთელობის სარგებლიანობას შორის კავშირის შესახებ კვლევაში მონაწილეობა ოთხმა მილიონმა ადამიანმა მიიღო. კვლევა აშშ-ში, კანადაში, სკანდინავიის ქვეყნებში, ახალ ზელანდიაში, ავსტრალიასა და გაერთიანებულ სამეფოში ჩატარდა.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიხედვით, გულის შეტევა და ინსულტი, გლობალურად, სიკვდილის წამყვანი მიზეზებია.

“ყველაზე მეტი სარგებელი ძაღლის ყოლით აქვთ ადამიანებს, რომლებმაც გულის შეტევა გადაიტანეს. მათ აქვთ 34%-ით ნაკლები რისკი დაიღუპონ გულ-სისხლღარღვთა დაავადებით, იმ ადამიანებთან შედარებით, ვისაც არ ყავს ძაღლი”, – ამბობს კრამერი.

სარგებელი ყველაზე მაღალია ასევე ძაღლის იმ მფლობელებისთვის, რომლებიც მარტო ცხოვრობდნენ. საქმე ისაა, რომ როცა ძაღლი გყავს, ფიზიკურ აქტივობაში უფრო მეტად ხარ ჩართული. მისი გასეირნება ყოველდღე გიწევს, დილა-საღამოს. დილით სუფთა ჰაერსაც სუნთქავ. ეს ყველაფერი კი რუტინულია.

ინფარქტის ან ინსულტის შემდეგ, რეაბილიტაციისას, ფიზიკური აქტივობა მნიშვნელოვან როლს ასრულებს.

ეს კი ექიმი უილიამის გამოწერილი დანიშნულებაა. ის თავის პაციენტს დანიშნულებაში უწერს, რომ იყოლიოს ძაღლი და დღეში მინიმუმ 3-ჯერ გაასეირნოს.

„ჩვენ ვიცით, რომ მარტოობა და სოციალური იზოლაცია ნაადრევი სიკვდილის რისკ-ფაქტორებს ზრდის. ჩვენი ჰიპოთეზა იყო, რომ შინაურ ცხოველს შეუძლია ამის შემსუბუქება და ჩვენ ეს დავამტკიცეთ”, – თქვა კვლევის ერთ-ერთმა ავტორმა ტოუს ფოლმა (შვედეთის უნივერსიტეტის ეპიდემიოლოგიის ასოცირებული პროფესორი).

ასევე ამერიკის გულის ასოციაციის კვლევებზე დაყრდნობით, კლინიკურად დადასტურდა, რომ ძაღლის მფლობელები, ძაღლის გასეირნების დროს ფიზიკურად თავადაც ვარჯიშობენ. 30-წუთიანი გასეირნება კი შეგვიძლია ვარჯიშად ჩავთვალოთ.

პროფესორი კრემერი იმასაც ამბობს, რომ ”კვლევების თანახმად, იმ პირებს, რომლებსაც ძაღლები ჰყავთ, აქვთ უკეთესი ქოლესტერინის დონე და დარეგულირებული აქვთ არტერიული წნევა”. ის იმასაც აღნიშნავს,  რომ ძაღლებისთვის ჩვეულებრივმა რუტინულმა სეირნობებმა შეიძლება ისე დაარეგულიროს არტერიული წნევა, როგორც მედიკამენტმა.

სხვა კვლევებით მეცნიერები ასევე ვარაუდობენ, რომ  ძაღლებთან მეგობრობა და სიყვარულის გაზიარება ამცირებს შფოთვასა და დეპრესიულ ფონს.