LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

წნორში დისშვილმა დეიდა მოკლა: დამნაშავე დააკავეს (ვიდეო)

სიღნაღის მუნიციპალიტეტის ქალაქ წნორში მკვლელობა მოხდა. როგორც შსს-ში “ფორტუნას” განუცხადეს, დისშვილმა დეიდა სავარაუდოდ თავში შეშის ნაჭრის ჩარტყმით მოკლა.

მეზობლების თქმით, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი მამაკაცი დეიდას ფულს სთხოვდა და უარის მიღების შემდეგ მოკლა.

მეზობლები ამბობენ, რომ მამაკაცი ალკოჰოლს ხშირად სვამდა და დეიდას ფულის გამოძალვის მიზნით აკითხავდა.

პოლიციამ მამაკაცი უკვე დააკავა. გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.

–

შსს წნორში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს.
შს-ს ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცმა, რომელმაც წნორში საკუთარი დეიდა მოკლა, სახლიდან ფული და ძვირფასი ნივთები წაიღო.
უწყების ცნობით, კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა დამნაშავე, 1993 წელს დაბადებული ი.გ. ცხელ კვალზე დააკავეს. შსს-ს ცნობით, დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.

„მიმდინარე წლის 2 იანვარს, ქალაქ წნორში, თავის საცხოვრებელ სახლში გარდაცვლილი ნახეს 1969 წელს დაბადებული ი.ხ. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, რომელიც გარდაცვლილის ნათესავია, თავის არეში ბლაგვი საგნით დაზიანებები მიაყენა ი.ხ.-ს, სახლიდან წაიღო ფული და ძვირფასი ნივთები და მიიმალა. ი.ხ. მიღებული დაზიანებებით გარდაიცვალა.
პოლიციამ ნივთმტკიცების სახით დანაშაულის ადგილიდან წაღებული ოქროს ნივთები და ფულადი თანხა ამოიღო.
განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს,” – ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.