დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ აუდიტის სამსახურის ანგარიშზე კომენტარი გააკეთა და თქვა, რომ მარაგში ყოველთვის უნდა ჰქონდეთ მედიკამენტები და უმჯობესია ის დარჩეს, ვიდრე დააკლდეთ.
წყალში გადაყრილი 560 მილიონი ლარი – C ჰეპატიტის სამკურნალო მედიკამენტებს ვადა გაუვიდა
აუდიტის სახელმწიფო სამსახურმა გუშინ ჯანდაცვის სამინისტროს ფინანსური აუდიტი გამოქვეყნა, სადაც ცე ჰეპატიტის მართვის პროგრამის მიმდინარეობა და ხარვეზები არის განხილული.
2018 წლის 31 დეკემბერის მონაცემებით, საქართველოსთვის უსასყიდლოდ გადმოცემულ 560 645 038 ლარი ცე ჰეპატიტის მედიკამენტებს ვადა გაუვიდა.
გამყრელიძე ამბობს, რომ ცე ჰეპატიტის სამკურნალო მედიკამენტის საკითხზე არასწორი ინტერპრეტაცია ხდება, როდესაც საუბარია, რომ 560 მილიონი ლარის წამალი ჩამოიწერა. სინამდვილეში კი ეს 2000 ადამიანის სამყოფი მედიკამენტია.
ზურაბ ჭიაბერაშვილი: ცე ჰეპატიტის პროგრამის ჩავარდნა საზოგადოების მიმართ ჩადენილი უმძიმესი დანაშაულია
როგორც გამყრელიძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, აღნიშნული თანხა წარმოადგენს დონაციას და არა საბიუჯეტო თანხას. მისივე თქმით, საუბარია, 2013-2015 წლებზე, როდესაც ცე ჰეპატიტის პროგრამის მედიკამენტების ფასი დღევანდელთან შედარებით მაღალი იყო.
„იცით, რომ მე ვარ დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორი. მაგალითად, გველმა რომ დაკბინოს ადამიანი, მას უნდა გაუკეთო სპეციფიკური შრატი. ჩვენ ყოველწლიურად ვყიდულობთ გველის ტოქსინის საწინააღმდეგო შრატის დაახლოებით 200-300 დოზას, აქედან გვჭირდება წლის განმავლობაში დაახლოებით 10-15, დანარჩენის ჩამოწერა ხდება, მაგრამ ის უნდა გედოს სტრატეგიულ მარაგში, რომ დაგჭირდეს.
მეორე მაგალითი – დიფტერია, ერთ-ერთი ყველაზე სასიკვდილო დაავადება. ყოველწლიურად ვყიდულობთ რამდენიმე ათას შრატს და იქიდან ხდება შემდგომ ჩამოწერა, მაგრამ ეს შრატი უნდა გქონდეს. ერთი ავადმყოფიც რომ დაგეღუპოს დიფტერიით, რომ შრატი არ გაუკეთო, ხარ პასუხისმგებელი. უნდა იდოს ყველგან. შრატს ვადა თუ გაუვა, უნდა ჩამოწერო. ეს გახლავთ სტრატეგიული, ე.წ. მარაგების არსებობა ქვეყანაში მთელ რიგ დაავადებებთან დაკავშირებით.
ჰეპატიტთან მიმართებაში არასწორი ინტერპრეტაციაა, ხდება მოსახლეობის შეცდომაში შეყვანა, რომ 560 მლნ ლარის წამალი ჩამოიწერა. ჯერ ერთი, ეს ბიუჯეტის ფული არ ყოფილა, ეს 560 მილიონი გახლავთ დონაცია და 560 მლნ გადაყვანილია ამერიკულ ფასებში. იმ დროს 2013, 2014, 2015 წლებში, მაშინ ღირდა აშშ-ს ბაზარზე ეს ფასი. დღევანდელი ფასები ამ წამლების უკვე საკმაოდ ქვემოთ არის ჩამოსული“, – განაცხადა გამყრელიძემ.
