“ქართული ოცნების” წევრი ანრი ოხანაშვილი ბაკურიანში მომხდარ ინციდენტზე დეტალურად საუბრობს. ის ამბობს, რომ მისთვის სრულიად უცხო პირმა შეურაცხყოფა მიაყენა და დაემუქრა.
„ეს ადამიანი, ჩემი ინფორმაციით, არ ყოფილა „ქართული ოცნების“ პარტიაში. ზოგიერთი უპასუხისმგებლო პოლიტიკოსი ცდილობს, თემა სხვა მიმართულებით წაიყვანოს, თითქოს ეს ადამიანი 2017-18 წლამდე „ქართულ ოცნებაში“ იყო. ჩემი ინფორმაციით, ის იყო „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი აქტივისტი ერთ-ერთ რეგიონში 2014 წლამდე. ამის შემდეგ მას არანაირი შემხებლობა და კავშირი „ქართულ ოცნებასთან“ არ აქვს.
ეს ადამიანი ნასვამ მდგომარეობაში იყო, თუმცა არა ისეთ მდგომარეობაში, რომ გადაადგილებისას ვინმეს დახმარება დასჭირვებოდა. ის ჩვენი მაგიდის გარშემო ტრიალებდა. როგორც ჩანს, რაღაცისთვის ემზადებოდა, ვინაიდან ჩემმა მეუღლემ შენიშნა, რომ აგრესიული, ძალიან ცუდი მზერით იყურებოდა ჩემი მისამართით.
ვუთხარი, რომ ქვეყნის გამყიდველი და მოღალატეა - ანრი ოხანაშვილის შეურაცხყოფაში ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა (ვიდეო)
ბრალდებული საპატიმროში სამ დღეს გაატარებს.
როცა დავინახე სადაც დაჯდა, შევნიშნე რომ, თუ არ ვცდები, ორი ადამიანი, სავარაუდოდ შვილები ახლდა. მცირეწლოვნები არ იყვნენ. მას, ასევე, შეუერთდა ერთი ახალგაზრდა მამაკაცი, რომელსაც ჩემი მიმართულებით ანიშნებდა რაღაცას. ამის შემდეგ დაიწყო სიტყვიერი შეურაცხყოფის მოყენება“ ,- ამბობს ოხანაშვილი.
მისი თქმით, ამ უცნობ პირს „ხელში გარკვეული საგნები ეკავა“.
შეგახსენებთ, დეპუტატ ანრი ოხანაშვილსა და ვახტანგ რობაქიძეს შორის სიტყვიერი დაპირისპირება 14 იანვარს ბაკურიანში ერთ-ერთ რესტორანში მოხდა. ახალციხის რაიონულმა სასამართლომ ბრალდებულ რობაქიძეს სამ დღიანი პატიმრობა მიუსაჯა. არსებული ინფორმაციით, ის 2012-2017 წლებში “ქართული ოცნების” ახალგაზრდული ფრთის წევრი იყო, ამჟამად კი “ლელოს” წევრია.
