რადიო „არ დაიდარდოს“ გადაცემას „რადიო დუეტი თაკო მელიქიშვილთან ერთად“ უნიჭიერესი კომპოზიტორ-შემსრულებელი ზურაბ ჩინჩალაძე და პოეტი მზია გელაშვილი ესტუმრნენ ახალი სიმღერის პრემიერით „სათუთი გული“.
ქალბატონო მზია ვისაუბროთ იმ წიგნზე, რომელიც თქვენ მაჩუქეთ…
პირველ რიგში მივესალმები ჩვენს მსმენელს, რაც შეეხება წიგნს მთელი ჩემი ცხოვრება და ქონებაა პოეზია და მუსიკა, 8 წლის ასაკიდან ვწერ ლექსებს. პოეტი ცოტა ხმამაღალი განაცხადია ჩემნაირი მოკრძალებული ადამიანისთვის, თუმცა ასე ამბობენ ხოლმე. ვფიქრობ, რომ ჩემს მიერ დაწერილი ყოველი ლექსი უნდა განსაზღვროს საზოგადოებამ.
ბოლოს რომელი ლექსი დაწერეთ?
ბოლოს დავწერე ლექსი სახელწოდებით „გათენებამდე კიდევ შორია“, რომელიც ჩემს წიგნშია შესული, სადაც ვწერ დღევანდელ ჩვენს ცხოვრებაზე და დამოკიდებულებაზე, ცოტა პოლიტიკაზეც, თუმცა მე ეს უნდა მეთქვა და იმედია საზოგადოება არ მიწყენს. დაახლოებით 115 ლექსია ჩემს წიგნში შესული.
წიგნის შეძენის საშუალება თუ ექნებათ მკითხველს?
კი რა თქმა უნდა აუცილებლად გამოვა მაღაზიებში, რადგან მინდა ხალხს მივაწვდინო ხმა, რომ მე ვარ ცოცხალი, ვარ ძალიან თავმდაბალი ადამიანი ამიტომ თუ რაიმე შემიძლია მზად ვარ ყველაფრისთვის. ასევე ჩემი სურვილია წიგნის პრეზენტაცია ჩატარდეს თებერვლის დასაწყისში პიონერთა სასახლეში, რაც შეეხება ტირაჟს არის 300, ეს არც ძალიან ცოტაა და არც ბევრია. წიგნის სახელწოდება უნდა ყოფილიყო „მერე რა“, თუმცა დავარქვით „დაუკრიფავი ვაზი“, ეს ფრაზა ეკუთვნის ბატონ თემურ ქევხიშვილს, რომელიც ფასდაუდებელი პიროვნებაა. ამ ეტაპზე საიდუმლოდ ვინახავ თუ რატომ დავარქვი ეს სახელწოდება, თუმცა წიგნის პრეზენტაციაზე აუცილებლად ვიტყვი.

სანამ სიმღერას დავაპრემიერებთ გვითხარით როგორ დაიწყო თქვენი მეგობრობა?
ზურაბ ჩინჩალაძე:
მივესალმები თქვენს მსმენელს, თქვენი ხშირი სტუმარი ვარ და მიყვარს „არ დაიდარდო“. მე და მზია დიდი ხანია ვიცნობთ ერთმანეთს, თუმცა ადრე არ ვიცოდი თუ ლექსებს წერდა, პირველი ლექსი 2011 წელს დამიწერა, მთიულური ბალადა და ასე გრძელდება დღემდე ჩვენი როგორც საქმიანი, ისე მეგობრული ურთიერთობა.
როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?
ზურაბ ჩინჩალაძე:
სიმღერის სახელწოდებაა „არ მინდა“, კლიპიც როგორც იქნა დავამთავრეთ, სადაც მზია თამაშობს დედის როლს, სამომავლო გეგმა კი ისაა, რომ კლიპი მიმაქვს ნიუ-იორკში, სადაც მივფრინავ 1 მარტს. შემდეგ მაქვს ავსტრალიის გასტროლი და შემდეგ ისევ ამერიკა.
ვისაუბროთ თქვენს ერთობლივ დუეტზე?
მზია გელაშვილი:
მე და ზურა ხშირად ვკამათობთ ხოლმე, ის არის კლასიკოსი კომპოზიტორი, პროფესიონალი, მე კი პიანისტი. ერთ დღესაც ვუთხარი ამდენ კამათს მოდი ჩავწეროთ კარგი სიმღერა და ვიმღეროთთქო და ესე შედგა ჩვენი ერთობლივი დუეტი. ჯერ დაიწერა მუსიკა, რომელიც ზურამ მომასმენინა და შემდეგ მოვარგე ტექსტი, სიმღერას დავარქვით „სათუთი გული“. არანჟირება და მუსიკა არის ზურასი, ტექსტი მეკუთვნის მე, ხოლო სიმღერა ჩაიწერა ალეკო ქეშიკაშვილთან.
სამომავლოდ თუ აპირებთ ისევ ერთობლივ დუეტს?
მზია:
ზურა ძალიან დატვირთულია, რა თქმა უნდა გვინდა დიდი სურვილი გვაქვს, მაგრამ ვერ ვაწუხებ ვიცი, რომ დრო არ აქვს. ამიტომ ამ ეტაპზე სამომავლოდ არაფერს არ ვგეგმავთ.
ზურა ჩინჩალაძე და მზია გელაშვილი – სათუთი გული
გადაცემის აუდიოჩანაწერი
ზურა ჩინჩალაძე და მზია გელაშვილი. ვიდეო კოლაჟი
ფოტოები





