LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი გახარია აშშ-ის ახლადდანიშნულ ელჩს, კელი დეგნანს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ამერიკის შეერთებული შტატების ახლადდანიშნულ ელჩს საქართველოში კელი დეგნანს შეხვდა.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობისა და თანამშრომლობის პირობებში არსებული ურთიერთობების კიდევ უფრო მეტად გაღრმავების შესაძლებლობებს.

“ვიმუშავებთ, რათა დავეხმაროთ საქართველოს, გაუმკლავდეს რუსეთის მცდელობას, ჩაშალოს საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი” – კელი დეგნანი

გიორგი გახარიამ და კელი დეგნანმა ისაუბრეს საქართველოს მთავრობის პრიორიტეტებზე, რომელიც ელჩის მხრიდან პოზიტიურად შეფასდა:

“ძალიან კმაყოფილი ვარ, ძალიან შინაარსიანი საუბარი შედგა, განვიხილეთ სხვადასხვა საკითხი: თანამშრომლობა უსაფრთხოების სფეროში, ეკონომიკური თანამშრომლობა და ასევე ეკონომიკური კავშირების გაზრდის შესაძლებლობები.

საფუძვლიანად ვისაუბრეთ განათლების მნიშვნელობაზე, მათ შორის აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ 7 მლნ დოლარიანი პროგრამის განხორციელების ინიციატივა, რომელიც ახლახან გამოცხადდა. ის კარგ ეფექტს იქონიებს და საქართველოს მთავრობის მიერ განზრახულ ინიციატივებსაც გაამყარებს,“- განაცხადა კელი დეგნანმა.

აშშ-საქართველოში 7 000 000 დოლარის ღირებულების საგანმანათლებლო პროგრამას განახორციელებს

ამერიკა საქართველოში 7 მილიონი დოლარის ღირებულების საგანმანათლებლო პროექტს იწყებს

როგორც ამერიკის ახლადდანიშნულმა ელჩმა შეხვედრის შემდეგ აღნიშნა, 2020 წელი ამერიკის შეერთებული შტატებისთვის და საქართველოსთვის მნიშვნელოვანი წელია, რადგან ორივე ქვეყანაში არჩევნებია.

“2020 წელი მნიშვნელოვანია, როგორც საქართველოსთვის, ისე ამერიკის შეერთებული შტატებისთვის, რადგან წინ ორივე ქვეყანას არჩევნები გველის. სულმოუთმენლად ველი საქართველოს მთავრობასთან, ხალხთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან მუშაობას დემოკრატიულ პროცესზე აქ და იმავეს გავივლით იქ – შეერთებულ შტატებში,”- განაცხადა ამერიკის ელჩმა.

 

მთავრობის მეთაურმა ახლადდანიშნულ ელჩს მადლობა გადაუხადა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი აშშ-ის ურყევი მხარდაჭერისათვის და კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური კურსის შეუქცევადობას.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ნათია მეზვრიშვილი და პრემიერის მრჩეველი საერთაშორისო ურთიერთობათა საკითხებში ირაკლი ჩიქოვანი, აგრეთვე, ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის მოადგილე საქართველოში ელიზაბეთ რუდი ესწრებოდნენ.