LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ბაღდათში დაღუპულ ოჯახს სოციალურად დაუცველის სტატუსი ჰქონდა

გუშინ, გვიან ღამით, ბაღდათში დაღუპული დედა-შვილის სოციალურად დაუცველის სტატუსთან დაკავშირებით ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ განმარტება გააკეთა. გიორგი წოწკოლაურმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ აღნიშნულ ოჯახს სოციალურად დაუცველის სტატუსი ჰქოდა. მისი თქმით, 2019 წლის ოქტომბერში ოჯახი გადაამოწმეს, რადგან მათ კომუნალურ გადასახადზე აბონენტის ნომერი არ ჰქონდათ.

„აღნიშნული ხარვეზის გამოსასწორებლად განხორციელდა მათი ხელახალი გადაფასება. აბონენტის კოდის არქონა იმით იყო განპირობებული, რომ საცხოვრებელი სახლი, რომელიც მერიამ გადასცა ოჯახს, ახალი იყო. დეკემბერში ხარვეზი აღმოიფხვრა და მათ მიიღეს სამივე თვის გადაცდომა. გარდა ამისა, 2020 წლის იანვარში, რამდენიმე დღის წინ, ოჯახმა სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართა. მათ განმარტეს, რომ ოჯახის წევრი გარდაეცვალათ, შესაბამისად, დემოგრაფიული ცვლილების გამო, კანონის ფარგლებში მოითხოვეს ხელახალი გადაფასება. თუმცა შემოწმებისათვის მოითხოვეს ერთი კვირის ვადა, რადგან მათი თქმით, ამ დროის განმავლობაში არ იქნებოდნენ სახლში, თამარ მეფის 13-ში. მათ ითხოვეს ერთი კვირის ვადაში გადამოწმება და შემდეგ მოხდა ეს ტრაგედია. ჩვენთვის უცნობია, რატომ იყვნენ ეს ადამიანები წერეთლის ქუჩაზე. სავარაუდოდ, რომელიმე ნათესავთან სტუმრად იმყოფებოდნენ”, – განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

როგორ ცხოვრობდნენ ხანძრის შედეგად ტრაგიკულად დაღუპული დედა და ოთხი შვილი (ვიდეო)

წოწკოლაურის განცხადებით, საქმეში ერთადერთი ცვლილება გასული თვის ოქტომბერში დაფიქსირდა, თუმცა წლის ბოლოს პრობლემა მოგვარებული იყო და ოჯახმა შეჩერებული დახმარება ერთიანად მიიღო.

“მინდა, სრული პასუხისმგებლობით განვმარტო მათი სტატუსი – ისინი დღესაც კი არიან სოციალურად დაუცველი ოჯახის სტატუსით. ერთადერთი სტატუსის ცვლილება იყო ოქტომბრიდან დეკემბრის თვემდე, აბონენტის ნომრის არარსებობის გამო, თუმცა პრობლემა აღმოიფხვრა და მათ სამი თვის შემწეობა ერთიანად აიღეს დეკემბერში“, – აცხადებს გიორგი წოწკოლაური. იანვრის ჩათვლით, ოჯახმა 1 330 ლარი მიიღო”, – ამბობს წოწკალაური.

ბაღდათში ხანძარს 6 ადამიანი ემსხვერპლა: დედა, 4 ბავშვი და ოჯახის ახლობელი

შეგახსენებთ, რომ გუშინ გვიან ღამით, ბაღდათში ხანძრისას ექვსი ადამიანი დაიღუპა,მათ შორის დედა და მისი ოთხი არასრულწლოვანი შვილიც. ასევე, გარდაცვლილია ოჯახის ნათესავი ქალი.