თიკო ღაჭავა „დიდი სცენის“ ერთ-ერთი გამორჩეული მონაწილეა. ის საკუთარი შესრულებისა და არა მხოლოდ ამის გამო ხშირად იმსახურებს ჟიურის წევრების შექებას, განსაკუთრებით მისით მოხიბლული გიორგი ცაგარელია, რომელმაც ეს არაერთხელ აღნიშნა.
თიკოს რომ ხატია ბუნიათიშვილს ამსგავსებენ, ესეც ხშირად გაუგია და რასაკვირველია, კომპლიმენტად იღებს, თუმცა ხატიას პირადად არ იცნობს…
„დიდი სცენის“ მონაწილეს კაფე „ორანჟერეაში“ შევხვდით ინტერვიუსა და ფოტოსესიისთვის.
თიკო ღაჭავა:
დავიწყებ იმით, რომ ყველაზე კარგი, რაც ცხოვრებაში გამიკეთებია, არის ის, რომ „დიდი სცენის“ პროექტში მივედი. დავდიოდი არაჩვეულებრივ სტუდიაში, გამოვდიოდი სხვადასხვა კონცერტსა თუ ფესტივალზე და აქედან მივიღე ინსპირაცია, რომ როგორც მომღერალს, უფრო დიდი პუბლიკისთვის გამეცნო თავი.
სიმართლე გითხრათ, ძალიან ვნერვიულობდი, სანამ პრეკასტინგზე მივიდოდი. 23 წლის ვარ და მინდოდა, ჩემი პირველი ნაბიჯი გამართლებულიყო. წლების განმავლობაში ამ ყველაფერში ბევრი შრომა ჩავდე. შედეგმაც არ დააყოვნა. მივიღე საკმაოდ კარგი შეფასებები და მოვხვდი ამ არაჩვეულებრივ პროექტში.
პროექტში რა სირთულეები შეგხვდა?
სანამ პროექტში მიხვალ, პირველ რიგში, ფსიქოლოგიური მომზადებაა საჭირო. ყველა მონაწილე მზად უნდა იყოს კრიტიკისთვის. ჩემ შემთხვევაში ისე მოხდა, რომ ყველამ კარგად მიმიღო, კრიტიკა არ წამოსულა, ეს ძალიან დიდი პლუსია, როცა კონკურსში მონაწილეობ და მინდა, ყველას ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო.
კომენტარებს კითხულობ?
კი, ხშირად ვადევნებ თვალს.
ჟიურის წევრებზე რისი თქმა შეგიძლია?
თითოეული ჟიურის წევრი ერთმანეთისგან განსხვავდება და სხვადასხვა მუსიკალური ხედვა აქვს. ყველა მათგანი არის კომპეტენტური და პროფესიონალი. ყველას დიდ პატივს ვცემ. ტურიდან ტურამდე მათი შეფასებები მზრდის და დიდ ძალას მაძლევს, რომ ახლებურად შევთავაზო ჩემი თავი მომდევნო ტურებში.
გიორგი ცაგარელი ხშირად გეუბნება კომპლიმენტებს გარეგნულ მხარეზე… უხერხულობას ხომ არ გიქმის ეს?
სცენას ძალიან უხდებიო, ასეთი შეფასება მომცა, მოსწონს, რასაც ვაკეთებ. მე ასე გავიგე (იღიმის).
ხომ არ მოგბეზრდა, გარეგნულად ხატია ბუნიათიშვილს რომ გადარებენ?
არა, იმდენად მიყვარს ხატია ბუნიათიშვილი… მაღალი რანგის პროფესიონალია, მთელი მსოფლიო იცნობს და მასთან შედარება არ არის მოსაბეზრებელი. პირადად მე არ ვიცნობ და არც ის ვიცი, იცის თუ არა ჩემ შესახებ.

როგორც მსმენელს, ასეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ქართულ სიმღერას ბევერად დიდი ენთუზიაზმით ასრულებ, ვიდრე უცხოურს. ასეა?
ქართული სიმღერის შესრულება მოითხოვს ჩარჩოებს. მსმენელი კარგად ერკვევა მუსიკაში, კრიტიკულები, ობიექტურები და მკაცრები არიან. როცა ქართულს ვმღერი, დიდი მოწიწებით ვუდგები, რომ რამე არ გავაფუჭო და ყველაფერი იყოს ნორმის ფარგლებში. უცხოურ სიმღერებში უფრო მეტი შესაძლებობა გაქვს, სხვა კუთხით დაანახო მაყურებელს შენი თავი.
პროექტის შემდეგ რა გზას აირჩევ?
ეს პროექტი, დარწმუნებული ვარ, გზას გამიკვალავს და დიდ ძალას მომცემს, რომ მომავალში მეტი რამ გავაკეთო. ბავშვობიდან ვფიქრობ, რომ ჩემი მომავალი მუსიკას უკავშირდება. იმედი მაქვს, ამ პროექტში ჩემი ყოფნა წარმატებით დასრულდება.
ანუ გამარჯვების იმედი გაქვს?
ყველა ჩვენგანი შრომობს და იმედოვნებს, რომ ეს შრომა დაუფასდება. უკვე ვუახლოვდებით ნახევარფინალს და კი, რა თქმა უნდა, დიდი სურვილი მაქვს, რომ ფინალში მოვხვდე და გავიმარჯვო.

როგორ აქტიურობ იმისთვის, რომ მეტი ხმა მიიღო, მსმენელს მიაწვდინო ხმა?
ხალხთან კომუნიკაცია მაქვს. ბევრი მწერს, სითბოს გამოხატავენ, ვცდილობ, ყველას ადეკვატური პასუხი გავცე. ზუგდიდელი ვარ და ვგრძნობ დიდ მხარდაჭერას. ვაპირებ, უახლოეს მომავალში ჩავიდე ზუგდიდში და მათ თავი შევახსენო. ბავშვობაში კონცერტებზე გამოვდიოდი და მცნობდნენ.
პროექტის შიგნით კონკურენცია იგრძნობა?
სხვათა შორის, დაძაბულობა არ იგრძნობა. როცა სხვა პროექტებს ვადევნებდი თვალს, მიკვირდა, კონკურსანტები როგორ მეგობრულად იყვნენ ერთმანეთთან. ახლა, როცა მეც მოვხვდი აქ, დავრწმუნდი, რომ მეგობრობა მთავარია. ერთმანეთს ვეხმარებით და გარკვეულ რჩევებს ვაძლევთ, ვცდილობთ, ყველა ჩვენგანი იყოს წარმატებული თითოეულ ტურზე.
როგორ ფიქრობ, სასიყვარულო სიმღერის შესრულებისას ნამღერს სხვა ხიბლი ხომ არ ენიჭება, როცა მომღერალი შეყვარებულია?
ყოველთვის ეტყობა ნამღერს, როცა ეს გრძნობა შემსრულებელს გამოცდილი აქვს. მომღერალი სიმღერას სწორ მიმართულებას აძლევს, თუნდაც იმ მომენტში არ იყოს შეყვარებული. როცა ეს გრძნობა გამოცდილი აქვს, წარსულიდანაც შეიძლება გაიხსენოს და ასე შეასრულოს.
მე შეყვარებული არ ვარ, მაგრამ იყო გარკვეული მოწონებები ჩემს ცხოვრებაში და ალბათ, როცა სიყვარულზე ვასრულებ სიმღერას, ესეც მეხმარება, რომ მსმენელს უფრო კარგად მივაწოდო ესა თუ ის კომპოზიცია.

როგორი ადამიანი მოგხიბლავს?
გამოკვეთილი კრიტერიუმები არ არსებობს, მაგრამ აუცილებელია, იყოს კარგი ადამიანი, ჰქონდეს ასეთი თვისებები: იყოს გულღია, კეთილი და იცოდეს ქალის ფასი.
სიმღერის მიღმა, რა არის შენთვის საინტერესო?
ახლა, როცა თავისუფალი დრო მაქვს, მას ჩემს დასთან ერთად ვატარებ. მივდივარ ასეთ კარგ გარემოში, სადაც ახლა ვართ და ვსაუბრობთ სხვადასხვა თემაზე. ახლახან დავამტავრე უნივერსიტეტი და თვითმმართველობის საქმიანობაში აქტირუად ვიყავი ჩართული, მერე გამოჩნდა „დიდი სცენა“ და მან მოიცვა მთელი ჩემი სამყარო. სიმღერის მიღმა სხვა გამოკვეთილი ნიჭი არ მაქვს.
ფინალის წინ რა ფიქრები გაქვს?
ძალიან მინდოდა, ისე არ დამეტოვებინა პროექტი, რომ ორკესტრთან ერთად არ მემღერა. მინდა, კარგად შევასრულო და ფინალში გადავინაცვლო.
ფოტო: დათუნა აგასი
ლოკაცია: კაფე „ორანჟერეა“

ნინო მურღულია





