ნინო კალანდაძე, ზაზა ბიბილაშვილი და მარიამ გერსამია „ნაციონალურ მოძრაობას“ ტოვებენ. ამის შესახებ მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, არ აპირებენ არც ერთ სხვა პოლიტიკურ გაერთიანებასთან ასოცირებას და 2020 წლის არჩევნებში მონაწილეობას.
მათი ერთობლივი განცხადებით, ორი წელია რაც ჩამოშორდნენ პარტიულ საქმიანობას და კოლეგებთან ერთად მთლიანად ფოკუსირდნენ „ჭავჭავაძის ცენტრის“ განვითარებაზე, რომლის მიზანია სამოქალაქო განათლების, კრიტიკული აზროვნებისა და ინდივიდუალური პასუხისმგებლობს გავრცელების გზით ქართული საზოგადოების ტრანსფორმაცია.
„დღეიდან ფორმალურად ვწყვეტთ პარტიის წევრობას. წარმატებას ვუსურვებთ დამოუკიდებელ, პროდასავლურ ოპოზიციას და სამოქალაქო აქტივისტებს. ამასთან, ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ არ ვაპირებთ არც ერთ სხვა პოლიტიკურ გაერთიანებასთან ასოცირებას ან 2020 წლის არჩევნებში მონაწილეობას. ჩვენი მიზანია ჩვენი წვლილი შევიტანოთ თვისებრივად ახალი პოლიტიკური რეალობის შექმნაში, რათა ახლაც და ხელისუფლების ცვლილების შემდეგაც, საქართველოში იყოს მეტი რაციონალური, კრიტიკულად მოაზროვნე, ლიბერალური ღირებულებების ორგანულად მატარებელი, ეკონომიკურად დამოუკიდებელი აქტიური მოქალაქე, რომელიც თამაშის წესებს დაუდგენს პოლიტიკურ კლასს და რომელთაც გადამწყვეტი გავლენა ექნებათ საკუთარ მომავალზე,“ – ნათქვამია განცხადებაში.
