“დღევანდელი მდგომარეობიდან გამომდინარე, ვაკის პარკში ასეთი მშენებლობების განხორციელება მიუღებელია” – განაცხადა კახა კალაძემ რესტორან „ბუდაპეშტთან“ დაკავშირებით.
სასტუმრო „ბუდაპეშტის“ მფლობელი გოგა ზაქაიძე თბილისის მერიას სასტუმროს ნაცვლად რესტორანი „ბუდაპეშტის“ აშენებას სთავაზობს. ხანგრძლივი დავის შემდეგ, სასტუმრო „ბუდაპეშტის“ წარმომადგენლებმა, კალაძის უწყებას ვაკის პარკის ტერიტორიაზე, 1958 წელს აშენებული რესტორნის აღდგენის წინადადებით მიმართეს. ეს გადაწყვეტილება ინვესტორმა მას შემდეგ მიიღო, რაც მერიამ ვაკის პარკის რეაბილიტაცია გადაწყვიტა.
„ჩვენ ყველამ ვიხილეთ მერიის პრეზენტაცია ვაკის პარკისა და ისტორიული კასკადის რეაბილიტაცია აღდგენასთან დაკავშირებით და გვინდა მივიღოთ მონაწილეობა ამ პროცესში. ამ პროცესიდან გამომდინარე ვთავაზობთ, რომ აღვადგინოთ ისტორიული შენობა, რომელიც 1958 წლიდან იდგა ამ ტერიტორიაზე ზუსტად იმავე სიმაღლით და ზუსტად იმავე ფასადით. ეს რესტორანი 70 წლის განმავლობაში იყო თბილისელების შეკრების ადგილი და არავის არ აწუხებდა და არავის არ აღიზიანებდა“, – განაცხადა გოგა ზაქაიძემ.

ამ თემასთან დაკავშირებით თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ ვაკის პარკში სასტუმრო „ბუდაპეშტის“ ნაცვლად, რესტორან „ბუდაპეშტის“ აღდგენა მერიისთვის მიუღებელია. მისი თქმით, მერია მზად არის ინვესტორს ადგილმონაცვლეობა კვლავ შესთავაზოს.
„ჩვენი პოზიცია იცით და გაჟღერებულიც არის, რომ ვაკის პარკში მიუღებელია ასეთი შენობა-ნაგებობების განთავსება. საუბარი იყო 9-სართულიან კორპუსზე, რაზეც ჩვენ კონკრეტულ პიროვნებას ვუთხარით არა.
იცით, რომ დაგეგმილი გვაქვს ვაკის პარკის რეაბილიტაცია, განახლება თავისი კასკადით. როდესაც უკვე გვექნება პროექტი და გადავალთ სამშენებლო სამუშაოებზე, მაშინ უკვე შესაძლებელი იქნება დავჯდეთ და ვისაუბროთ. დღევანდელი მდგომარეობიდან გამომდინარე, ვაკის პარკში ასეთი მშენებლობების განხორციელება მიუღებელია“, – განაცხადა კალაძემ.
