ვლადიმირ პუტინის მრჩეველმა, ვლადისლავ სურკოვმა თანამდებობა დატოვა. რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერის დიმიტრი პესკოვის ინფორმაციით, სურკოვმა თანამდებობა საკუთარი სურვილით დატოვა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
რუსეთის პრეზიდენტმა სურკოვის გათავისუფლების ბრძანებას ხელი უკვე მოაწერა.
ჟურნალისტები დაინტერესდნენ, სურკოვის მორიგი თანამდებობა უკრაინასთან იქნება თუ არა დაკავშირებული, რაზეც რუსეთის მთავრობის თავჯდომარის პრეს სპიკერმა დმიტრი პესკოვმა უპასუხა:
„მე არ დავიწყებ რაიმეს წინასწარმეტყველებას, მაგრამ არანაირი კითხვები არ არსებობს, რომ მას შეუძლია სხვადასხვა და არა მხოლოდ უკრაინის მიმართულებით იმუშაოს“.
პესკოვმა ასევე აღნიშნა, რომ არ იცის სურკოვის წასვლის მიზეზი და ჟურნალისტებს ურჩია, ეს კითხვა პირდაპირ მისთვის დაესვათ.
რასაკვირველია, გაჩნდა კითხვა თუ რატომ შეელია პუტინი მრჩეველს, რომელიც მასთან შვიდი წელი მუშაობდა.
ექსპერტი თორნიკე შარაშენიძე „ფორტუნასთან“ საუბარში აცხადებს, რომ სურკოვის გაშვება მხოლოდ უკრაინასთან სიტუაციის დალაგების მცდელობაა და რომ მისი წასვლა რუსეთ-საქართველოს ურთიერთობაში არაფერს შეცვლის.
„მოსკოვში უკრაინასთან გარიგების მიღწევას ცდილობენ და ამიტომ შეიძლება დროებით და შეიძლება სამუდამოდ გაწიეს სურკოვი გვერდით. ეს ჯერ არავინ იცის. სურკოვი დაკავშირებული იყო იმ ინტრიგებთან და ჰიბრიდულ ომთან, რომელსაც რუსეთი აღმოსავლეთ უკრაინაში აწარმოებდა. ამის გამო გასწიეს გვერდით.
უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმირ ზელენსკი სულ ცდილობს, მტერთან ურთიერთობის დალაგებას, ვიდრე პეტრო პოროშენკო ცდილობდა. სურკოვი კი უკრაინისთვის გამაღიზიანებელი ფაქტორი იყო.
სურკოვი უფრო მეტად აფხაზეთს კურირებდა, ვიდრე ოსეთს და მისი მოშორება პრინციპში ცუდი არ უნდა იყოს. მაგრამ, რა თქმა უნდა, მისი წასვლა ჯერ კიდევ ბევრს არაფერს ნიშნავს.
აფხაზეთის „საპრეზიდენტო არჩევნებში“ ყველამ ძალიან კარგად იცის, ვინ გაიმარჯვებს. .ე. პრეზიდენტი ასლან ბჟანია გახდება“, – აღნიშნა შარაშენიძემ ჩვენთან საუბარში.
ცნობისთვის, ვლადისლავ სურკოვი პრეზიდენტის მრჩევლად 2013 წლის 20 სექტემბრიდან მუშაობდა. მის კომპეტენციაში შედიოდა კონფლიქტურ რეგიონებში, აღმოსავლეთ უკრაინაში, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში სიტუაციის დარეგულირება.
გავრცელებული ინფორმაციით, სურკოვის საპასუხისმგებლო სფეროებს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე – დიმიტრი კოზაკი გადაიბარებს, რომელმაც რუსეთის მთავრობაში მუშაობა პუტინის მიერ პრემიერის თანამდებობის დაკავების შემდეგ დაიწყო. რამდენად შეცვლის ის სურკოვის მიერ აღებულ კურსს, ჯერჯერობით უცნობია.
