ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი დღეს დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე არ მივიდა.
მან მიუსვლელობის მიზეზი მოგვიანებით განმარტა.
„საცირკო სანახაობის მოწყობის მცდელობა იყო. თუ ვინმეს ჩემი პასუხები აინტერესებდა, დასწრებოდა იმ „მინისტრის საათს“, რომელიც პარლამენტში რამდენიმე დღის წინ გაიმართა“, – განაცხადა ჟურნალისტებთან საუბარში ივანე მაჭავარიანმა.
დამოუკიდებელი დეპუტატის, ლევან გოგიჩაიშვილის განცხადებით, შეუძლებელია „მინისტრის საათის“ ფორმატში საქმეზე საუბარი. გოგიჩაიშვილის თქმით, „პასუხს არ გაგცემთ“, ეს არის ცინიკური რეჟიმი, რომელმაც პრაქტიკაში ანახა, რომ არის ძალიან ცუდი რეჟიმი.
ლევან გოგიჩაიშვილის განცხადებით, მოპარულია დიდი ოდენობით თანხები ბიუჯეტიდან და სავარაუდოდ ამაში ფინანსთა სამინისტრო, ფინანსური პოლიცია და ივანიშვილის გარემოცვაა ჩართული.
„ეს არის უსუსური მცდელობა, გაექცე პასუხისმგებლობას. ეს არის პირადი შეურაცხყოფა პარლამენტის წევრების მიმართ. გავიგეთ, რომ შოთაძე საქმეს არ აღძრავს, მაგრამ ახლა ვამბობთ საჯაროდ და ეს წესით სისხლის სამართლის აღძვრის საფუძველი უნდა გახდეს. ბუნებრივია, ამას პროკურატურა ხელს აფარებს. ამ ფაქტს ოდესღაც ხომ გამოვიძიებთ? რა მნიშვნელობა აქვს ამ ადამიანებისთვის, როდის დადგება მათი პასუხისმგებლობა. ფიქრობენ, რომ სულ შოთაძე დაიცავს? შოთაძე თვითონ იქნება პასუხისგებაში მისაცემი. ქვეყანაში ტოტალური კორუფციაა. პრობლემები სიღრმისეულადაა. სისტემური პრობლემებია. მე გამირბიან კითხვების დასასმელად. ამ კითხვებს რამდენი ხანი გაექცევიან და ვინ გადაფარავს მერე. ეს არის უსუსური მცდელობა, გაექცე პასუხისმგებლობას. ეს არის პირადი შეურაცხყოფა პარლამენტის წევრების მიმართ“, – განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.

“ფინანსთა მინისტრი მშიშარაა, ეშინია და პასუხები არ აქვს, ის დღეს პოლიტიკურ დაკვეთას ასრულებს”, – აცხადებს „ტვ პირველის“ დირექტორი ინგა გრიგოლია, რომელიც კომიტეტის სხდომაზე ფინანსთა მინისტრისთვის კითხვების დასასმელად მივიდა.
„შეეშინდა მწვავე შეკითხვების, რომლის დასმასაც აპირებდნენ დამოუკიდებელი დეპუტატები, როგორც მე მერე მათთან საუბარში გავიგე. ეს შეეხებოდა დღგ-ის იმ ცნობილ სკანდალს, ტელევიზიების დავალიანებას. მე ვაპირებდი მისთვის დამესვა შეკითხვა, რასაკვირველია, ტელევიზიების დავალიანებასთან დაკავშირებით. ფინანსთა სამინისტრომ განაცხადა, რომ თურმე 5-წლიანი ვადა მისცა იმ ტელევიზიებს დავალიანების დასაფარად, რომელიც მათ ხელისუფლებას ეკომფორტულება. მე მაქვს ასეთი კითხვა, თუ „ტვ პირველს“ ორი კვირით არ გადაუვადეს მინიმალური თანხა, იმასთან შესაბამისობაში რაც აქვს სამ ტელევიზიას ერთად აღებული და ეს არის 55 მილიონი, ჩვენ მოგვიხდა, რომ აგვეღო კრედიტი, რათა დაგვეფარა დავალიანება და ინკასო მოეხსნათ, მაშინ რატომ არ უნდა აიღონ კრედიტი იმ ტელევიზიებმა, რომლებსაც აქვთ ბიუჯეტის დავალიანება 55 მილიონი ამ გაჭირვებულ ქვეყანაში და გვეუბნებიან, რომ თურმე 5 წლით უნდა გადაუვადონ და გრაფიკი უნდა გაუკეთონ. მთელი რიგი კითხვებია, რომელზე პასუხი მაინტერესებდა მე, როგორც ტელევიზიის მენეჯერს, მაგრამ არ არის ფინანსთა მინისტრი“, – განაცხადა ინგა გრიგოლიამ.

შეგახსენებთ, ტელევიზიების საკითხი ერთ- ერთია, რომელზეც დამოუკიდებელი დეპუტატები დღეს მინისტრისთვის კითხვების დასმას გეგმავდნენ.
ინგა გრიგოლიას თქმით, ფინანსთა მინისტრის დღევანდელმა ნაბიჯმა კიდევ უფრო განუმტკიცა ეჭვი, რომ მას მინისტრად მალე ვეღარ ვიხილავთ.
