LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თვითმფრინავში კორონავირუსის გადადების შანსი ძალიან დაბალია

თვითმფრინავში კორონავირუსის გადაცემის რისკი ნაკლებია, რადგან ვენტილაციის სისტემა მაღალია. ამის შესახებ „ფორტუნას“ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის (NCDC), საზოგადოებრივი ჯანმრთელობის რისკებზე მზადყოფნისა და რეაგირების სამმართველოს უფროსმა ანა კასრაძემ განუცხადა.

ანა კასრაძის განცხადებით, თვითმფრინავის შიგნით გადაცემის შემთხვევების შესახებ ცნობა აქამდე არ არსებობს, ფრენის შემდეგ გავრცელების – კი.

„თვითმფრინავში გადაცემის რისკი ნაკლებია, რადგან ვენტილაციის სისტემა მაღალია. შესაბამისად ძალიან დაბალია იმის შანსი, რომ თვითმფრინავში შიგნით დაავადებულმა ადამიანმა ინფექცია სხვას გადასდოს. ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ არ უნდა მოვახდინოთ იდენტიფიკაცია და შესაბამისი რეკომენდაციები არ უნდა მივცეთ. დაავადებათა კონტროლის ცენტრი იმ ადამიანებს იკვლევს, რომელთანაც კორონავირუსით დაავადებულ ადამიანს ჰქონდა კავშირი.

თუ ადამიანებმა მაღალი რისკის ქვეყანაში იმოგზაურეს, საქართველოში დაბრუნების შემდეგ 15 დღის განმავლობაში შეძლებისდაგვარად თვითიზოლაცია უნდა მოახდინონ და სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში სამედიცინო დაწესებულებას მიმართოთ”.

რაც შეეხება პაციენტს, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, ანა კასრაძის განმარტებით, ის აეროპორტიდან საკუთარი ავტომობილით მგზავრობდა, რაც ამცირებს რისკებს. “როდესაც მიმართა სამედიცინო დაწესებულებას, მას ჰქონდა მსუბუქი სიმპტომები, თვითდინებით მივიდა და აეროპორტიდან არ გადაუყვანიათ“, – განაცხადა „ფორტუნასთან“ საუბარში ანა კასრაძემ.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დადასტურდა.

მეორე შემთხვევა კი დღეს, 28 თებერვალს დადასტურდა. კორონავირუსით დაინფიცირებული ადამიანი 31 წლის ქალია, რომელიც მილანიდან ქუთაისში ჩამოფრინდა.