LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი კეკელიძე: „25 წლის წინ ბაბუაჩემმა თავი ჩამოიხრჩო. ..“

გიორგი კეკელიძე თავის ოფიციალურ გვერდზე იხსენებს ამბავს ბაბუას შესახებ, რომელმაც სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. ემოციურ ჩანახატს მისი „ფეისბუქის“ კედლიდან უცვლელად გთავაზობთ:

„ზუსტად 25 წლის წინ, მარტის დასაწყისის დაუმახსოვრებელ შუადღისას სკოლიდან შინ დავბრუნდი. რა აღსანიშნავი ამბავი ახლა ეს არის და მაშინ დღეც ზედმეტად ჩვეულებრივი იყო, დაზეპირებული და დაღეჭილი – ღობეზე მკვდარი ძარღვებივით შემოძენძილ ჟოლოს უსიამოვნო ჟრჟოლით, ქათმის წყლისასმელ თასში არეკლილი ბოტკინგადატანილი მზით, სადილად შემწვარი კარტოფილით და რაღაც ახლართული კომბინაცით დამზადებულ მჟავით. სწორედ სადილს მივუსწარი და მითხრეს, წადი, ბაბუაშენს დაუძახეო. ბაბუაჩემი უკან უნდა ყოფილიყო, თხილებში. გავიქეცი. უცნაურად იდგა. მაღლა. ხეზე. მერე მივხვდი, რომ კი არ იდგა – ქანაობდა. შემეშინდა და გამოვიქეცი.

25 წლის წინ ბაბუაჩემმა თავი ჩამოიხრჩო. თუ უფრო ზუსტად გაინტერესებთ – ქალაქ ოზურგეთისა და სოფელ ბოხვაურის საზღვარზე მდგარ თხილის ხეზე. თუ კიდევ უფრო ზუსტად გაინტერესებთ – ბაბუაჩემი დიდი და ვერახდენილი ოცნებების კაცი იყო, თავგადასავლებით და მარცხებით. მას მერე, მარტის სუნი შეგრძნობისას, მე გავრბივარ და ვცდილობ ბაბუაჩემი ჩამოვხსნა იმ თხილის ხიდან. იმ თხილის ხეზე ბევრი ტოტია და უამრავ რამეს გულისხმობს ის ტოტები – უიმედობას, ტკივილის, გასაჭირს, წარუმატებლობას. იმ ტოტებზე მეც ვკიდივარ და ასე საკუთარი თავის ჩამოხსნასაც ვცდილობ, ბაბუაჩემის მაგივრად“.