LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სიყვარულით საქართველოდან: ფაშინიანის ვიზიტი დასრულდა (ვიდეო)

სომხეთის სამთავრობო დელეგაციის ორდღიანი ოფიციალური ვიზიტი საქართველოში დღეს დასრულდა.  მეზობელი ქვეყნის დელეგატებს, რომელსაც ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ხელმძღვანელობდა, შეხვედრა ქონდათ ქართველ კოლეგებთან. ვიზიტის ფარგლებში პირველი შეხვედრა საქართველოს მთავრობის კანცელარიაში გაიმართა, სადაც სომეხ კოლეგას გიორგი გახარიამ უმასპინძლა. პირისპირ შეხვედრის შემდეგ, ორი ქვეყნის მთავრობის მეთაურმა მედიისთვის ბრიფინგი გამართა. გიორგი გახარიას განცხადებით, საქართველოს მიზანი მშვიდობა და სტაბილურობაა. მისი თქმით, მთავრობის სტრატეგიაა კეთილმეზობლური ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავება ყველა სფეროში.

კეთილმეზობლური ურთიერთობის გაღრმავებასა და განმტკიცებაზე ისაუბრა ნიკოლ ფაშინიანმაც. მას ურთიერთობის განვითარების კიდევ უფრო გამამყარებელ ფაქტორად დემოკრატიული განვითარების გზა მიაჩნია. სომეხი პრემიერისთვის ეს პირველი ვიზიტი არ იყო, არც გახარიასთან შეხვედრა ყოფილა პირველი. შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობის დელეგაცია გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით ერევანში იმყოფებოდა. სწორედ აღნიშნული შეხვედრა ფაშინიანმა “ტკბილად” გაიხსენა.

საქართველოს და სომხეთის პრემიერ-მინისტრების შეხვედრა და პირველი კომენტარი (ვიდეო)

სომხეთის დელეგაციის ოფიციალური შეხვედრები გაგრძელდა ორბელიანების სასახლეში. ფაშინიანისა და საქართველოს პრეზიდენტის შეხვედრის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა საკუთარ ფეისბუქ გვერდზე დაწერა: „ჩვენ ერთად უნდა ვიზრუნოთ რეგიონში სტაბილურობის შენარჩუნებასა და მშვიდობის განმტკიცებაზე“.

ვიზიტის ფარგლებში ნიკოლ ფაშინიანი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესაც შეხვდა. 40-წუთიანი შეხვედრის შემდეგ არჩილ თალაკვაძემ მედიისთვის კომენტარი გააკეთა და ჩამოთვალა ის საკითხები, რომელზე მან სომხეთის მთავრობის მეთაურთან განიხილა.

“სომხეთის მხარდაჭერა, მეგობრული ურთიერთობები ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. დღევანდელ შეხვედრაზე დავუდასტურეთ ერთმანეთს მზადყოფნა თანამშრომლობის მომავალშიც გაგრძელებაზე. ჩვენს ქვეყნებს და მოქალაქეებს შორის არის ძალიან აქტიური ურთიერთობები. იზრდება ტურიზმი, ეკონომიკური აქტივობა და პოლიტიკურ ლიდერებს შეგვიძლია მომავალში კიდევ უფრო მეტის გაკეთება ამ მიმართულებით. ვისაუბრეთ ასევე, კორონავირუსთან დაკავშირებით ჩვენს ქვეყნებს შორის არსებულ კოორდინაციაზე, რაზეც პრემიერ-მინისტრმა გამოთქვა კმაყოფილება ამ თანამშრომლობის დონის და მისი ინტენსივობის გამო. ვფიქრობ, პრობლემები, რომელიც არის რეგიონში, საჭიროებს ნამდვილად კარგ პოლიტიკურ კოორდინაციას და ამისთვის ყველა წინაპირობა არსებობს”, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.

ნიკოლ ფაშინიანის სტუმრობა საქართველოს საპატრიარქოში გაგრძელდა. სომეხმა პრემიერმა რწმენის იდენტობასა და ღირებულებებზე ისაუბრა და აღნიშნა, საქართველოსა და სომხეთს შორის ყოველთვის კარგი ურთიერთობა იყო, თუმცა უკანასკნელ პერიოდში ის კიდევ უფრო მეტად გაუმჯობესდა.

სომეხი კოლეგა საქართველოს პრემიერ-მინისტრს ხელცარიელი არ გაუშვია. სტუმარ-მასპინძლობა ქართული კულტურის და ტრადიციის მთავარი კომპონენტია, რის მაგალითსაც მთავრობა იძლევა. მეგობრობის ნიშნად ფაშინიანს, გახარიამ მეგობრობისა და ერთგულების სიმბოლო – ძაღლი აჩუქა. სომხეთის პრემიერს ქართველი კოლეგის საჩუქარი გაუხარდა, თუმცა აღნიშნა, რომ ასეთი 4 ძაღლი ყავს და ეს მეხუთე იქნებაო. კავკასიური ნაგაზის ჯიშის “ბომბორა” ახალ პატრონთან ერთად რამდენიმე წუთის წინ ერევანში გაფრინდა. ფაშინიანი გიორგი გახარიამ პირადად გააცილა. ინფორმაცია ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციამ გაავრცელა.

 

https://www.facebook.com/geoleader41/videos/527394638190114/?__tn__=%2CdkCH-R-R&eid=ARBB5wtMItZxzftp8PZ84zf3HPW6bhHwTMPiMzIXpxTeWQstyZDq9BVYUPWeivwPY6Y-sPKy6GGsRneA&hc_ref=ARTqQQWp7vcbS2xJQnSC7q_sUdxV-yYrQFzSdHoemmsKDk9Qlzs-P6fTvZkCbLEIROE&fref=nf&hc_location=group