„დამსაქმებლებისთვის ეს საბუთი ხელფასის გაცემის საფუძველი იქნება. ცნობის მიღება შესაძლებელია ელექტრონულად Info@moh.gov.ge-ზე განცხადების გამოგზავნის შემდეგ. ინფორმაცია ჩვენი მხრიდან გადამოწმდება. ჩვენი მონიტორინგის სამსახური ჩართულია, როგორც თვითიზოლაციაში მყოფი პირების, ასევე საკარანტინო სივრცეებში მყოფი პირების დაკვირვების პროცესში და ინფორმაციის გადამოწმების საფუძველზე გვექნება შესაძლებლობა, რომ გავცეთ ეს ცნობა“, – განაცხადა ეკა ადამიამ.

თვითიზოლაციაში მყოფი პირებისთვის გაცდენილი საათების ანაზღაურებასთან ერთად, მეწარმეების ინტერესიც უნდა გაითვალისწინონ
ახალი კორონავირუსის საფრთხის გამო თვითიზოლაციაში მყოფი ადამიანების აღრიცხვასა და მონიტორინგზე ისაუბრა დღეს გამართულ ბრიფინგზე ირაკლი პეტრიაშვილმა. პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარე აღნიშნავს, რომ თვითიზოლაციაში მყოფი პირებისთვის გაცდენილი საათების ანაზღაურებასთან ერთად, მეწარმეების პრობლემების გათვალისწინებაც უნდა მოხდეს. პეტრიაშვილი საუბრობს იმ რისკებზე, რომელიც შეიძლება აღნიშნულ საკითხს მოჰყვეს, ამიტომ პეტრიაშვილი გამოსავალს მთავრობის, დამსაქმებელი ორგანიზაციებისა და დასაქმებულთა წარმომადგენლების ერთობლივ შეხვედრებში ხედავს.
“საჭიროა, სახელმწიფო სტრუქტურებმა ზედმიწევნით კარგად გაითავისოს ეს პრობლემები და შეუქმნან პირობები იმ ადამიანებს, რომელთაც დაავადებათა კონტროლის ცენტრი თვითიზოლაციის რეკომენდაციას მისცემს, რომ მათ რეალურად თვითიზოლაცია განახორციელონ და არ ჰქონდეთ შემხებლობა სხვა მოქალაქეებთან. ამისთვის საჭიროა, რომ ის პერიოდი, როდესაც ისინი თვითოზოლაციაში არიან, დამსაქმებელმა მათ აუნაზღაუროს. რა თქმა უნდა, ეს რისკია დამსაქმებლისთვის და სწორედ ამიტომ, მთავრობამ, დამსაქმებელმა ორგანიზაციებმა დასაქმებულთა წარმომადგენლებმა შეხვედრები მოაწყონ და რისკები მეტ-ნაკლებად თანაბრად გადაინაწილონ”, – აცხადებს პეტრიაშვილი.
მისივე განმარტებით, აღნიშნული საკითხი ფართო განხილვას საჭიროებს, ვინაიდან შესაძლებელია მან წარმოშვას გარკვეული რისკი მეწარმეებში.
“საკუთარ თავს რომ თვითიზოლაცია გამოვუცხადოთ, დამსაქმებელი, რასაკვირველია, არ გაითვალისწინებს. ეს უნდა იყოს კორელაციაში იმ საკითხებთან დაკავშირებით, რასაც ადგენს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი. სახელმწიფომ და შესაბამისმა სტრუქტურებმა გარკვეული მონიტორინგი უნდა განახორციელონ. თუ მეწარმეებს რისკი დაუდგინდათ, არ შეიძლება მათი პრობლემების გაუთვალისწინებლობა. ბუნებრივია, უნდა მოხდეს გარკვევა: თუ ადამიანი, რომელიც ქმნის პროდუქციას, მისი ბიზნესი და ხელფასი არის ამ პროდუქციიდან გამომდინარე და თუ არ აქვს შესაბამისი საშუალება, რომ აუნაზღაუროს ეს, რაც ამ იძულებით მოცდენის პერიოდშია, უნდა მოხდეს დიალოგი და დასაქმებული და დამსაქმებელიც უნდა შეთანხმდნენ”, – აცხადებს პროფკავშირების თავმჯდომარე.
