“პირველს მეოთხე ინფიცირებულთან ჰქონდა კონტაქტი, მეორე კი ესპანეთში იმყოფებოდა”, – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა. მისი თქმით, კორონავირუსით დაინფიცირებული პირები ბინიდან მოვიდნენ, თუმცა უცნობია იმყოფებოდნენ თუ არა ისინი თვითიზოლაციაში. ეზუგბაია აცხადებს, რომ იმ პირების მოკვლევა, რომელთან დაინფიცირებულ პაციენტებთან ჰქონდათ კონტაქტი, უკვე დაწყებულია.
“დილის მონაცემებით, ჩვენთან 34 პაციენტია მოთავსებული. გუშინ ტესტირება 19 პირს ჩაუტარდა, რომელთაგან ორს კორონავირუსი დაუდასტურდა. ანუ ჩვენთან მთლიანობაში 14 დაინფიცირებული პაციენტია. დანარჩენებთან დაკავშირებით უარყოფითი პასუხი მივიღეთ. ერთის კვლევა ისევ გრძელდება. ისინი, ვისაც უარყოფითი პასუხი ჰქონდათ, თანდათან გადადიან საკარანტინო სივრცეში. რაც შეეხება ამ ორ პაციენტს, პირველი არის მეოთხე პაციენტის კლასტერში ანუ კონტაქტი ჰქონდა ქვეყანაში მეოთხე დაინფიცირებულთან, მეორე პაციენტი კი ესპანეთიდან ჩამოვიდა, მას ხანგრძლივი და ხშირი კონტაქტი ჰქონდა იტალიელებთან. მიმდინარეობს იმ ადამიანების მოკვლევა ვისაც ამ პაციენტებთან ჰქონდათ შეხება. ორივე პირი პირი ბინიდან არიან მოსულები. ვერ გეტყვით ჰქონდათ თუ არა სხვასთან კონტაქტი,” – აცხადებს ეზუგბაია.
საქართველოში კორონავირუსის უკვე 15 შემთხვევაა დადასტურებული: ვინ არის 2 ახალი პაციენტი
კარანტინის რეჟიმშია 141 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 51.
მარინა ეზუგბაიამ უკვე არსებული პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობაზეც ისაუბრა, და განაცხადა, რომ მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
“პირველი სამი პაციენტის მდგომარეობა ჯერჯერობით სტაბილურია. ერთი პაციენტის მდგომარეობა, რომელთანაც პნევმონია დადასტურდა, კვლავ მძიმეა, აღენიშნება მაღალი ტემპერატურა, თუმცა პაციენტის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ამ ეტაპზე არცერთ პირს არ აღენიშნება სიცოცხლისთვის საშიში გართულება, თუმცა ამ დაავადებას ახასიათებს სწრაფი და მოულოდნელი პროგრესირება. მუმდივად მიდის მონიტორინგი დღეში ორ-სამჯერ”, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.
შეგახსნებთ, დღეს კორონავირუსით დაინფიცირების კიდევ ორი შემთხვევა დაფიქსირდა, მთლიანობაში საქართველოში “კოვიდ 19”-ის 15 დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა.
