დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორი პაატა იმნაძე აცხადებს, რომ ხვალ, შესაძლოა საქართველოში კორონავირუსისგან განკურნების პირველი შემთხვევა დაფიქსირდეს. ამის შესახებ მან მაესტროს ეთერში ისაუბრა.
მისი განმარტებით, პირველ ინფიცირებულს, ვირუსის მსუბუქი მიმდინარეობა ჰქონდა და ასეთი შემთხვევები ძირითადად 14 დღე გრძელდება, რაც უკვე გავიდა.
იმნაძის თქმით, პაციენტს ბოლო ორი დღეა სიმპტომები საერთოდ არ აქვს, ამიტომ დღეს და ხვალ დაგეგმილია მისი ორჯერადი ტესტირება.
“თუ ეს ორი პასუხი იქნება უარყოფითი, მას გაწერენ”, — განაცხადა იმნაძემ მაესტროს ეთერში.
ამ ეტაპზე საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 23 შემთხვევაა დადასტურებული.
გავრცელებული ინფორმაციით, პაციენტს უკვე ჩაუტარდა ტესტი, რომელმაც დაადგინა, რომ ის ისევ ვირუსის მატარებელია. ეს ფაქტი იმნაძემ უარყო. მისი თქმით, პაციენტს დღეს უტარდება ტესტი.
ადამიანი გადამდები არ არის, სანამ არ დაეწყება სიმპტომები – პაატა იმნაძე (ვიდეო)
შეგახსენებთ, საქართველოში ახალი კორონავირუსის შემთხვევა 26 თებერვალს დადასტურდა. პირი, რომელსაც ვირუსული ინფექცია დაუდგინდა, 50 წლის მამაკაცია. ის საქართველოში ირანიდან შემოვიდა. ამ დროისათვის, ქვეყანაში კორონავირუსის 23 დადასტურებული შემთხვევაა დაფიქსირებული. რამდენიმე ადამიანის ლაბორატორიულ პასუხებს ლუგარის ცენტრიდან დღის ბოლოსთვის ელოდებიან.
