ეროვნულ ბანკში შესული ნაღდი ფული 14-დღიან კარანტინს გაივლის. მიმოქცევიდან შემოსული ლარის ფულის ნიშნები საკასო ცენტრში განთავსდება და შეინახება ცალკე, სპეციალურად გამოყოფილ ადგილას 14 დღის განმავლობაში.
უწყების ცნობით, ლარის ბანკნოტებსა და მონეტებთან მიმართებაში საკარანტინო ზომებს ეროვნული ბანკი რეგულარულად განახორციელებს 13 მარტიდან 1 აპრილის ჩათვლით პერიოდში.
ვინაიდან ნებისმიერ საგანს და, მათ შორის, ფულის ნიშნებს შეუძლია ბაქტერიისა თუ ვირუსის გადატანა, საქართველოს ეროვნული ბანკი მოუწოდებს მოსახლეობას, ნაღდი ფულის გამოყენებისას დაიცვას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციები ჰიგიენის შესახებ, ნათქვამია უწყების ვებ-გვერდზე.
ამასთან, სები-ი მოსახლეობისთვის რეკომენდაციებსაც ავრცელებს:
“ბანკნოტებისა და მონეტების გამოყენების შემდეგ, კვების პროდუქტებთან შეხების წინ გულდასმით დაიბანეთ ხელები.
ბანკნოტებთან და მონეტებთან კონტაქტის შემდეგ, ხელის დაბანის გარეშე, არ შეეხოთ სახეს (თვალები, ცხვირი, პირი).
შესაძლებლობის მიხედვით, გამოიყენეთ უნაღდო ანგარიშსწორება, უკონტაქტო და მობილური გადახდები.
შესაძლებლობის მიხედვით, აირჩიეთ დისტანციური საბანკო მომსახურება.
კომპანიებმა გაყიდვის წერტილებში პერიოდულად გაუკეთეთ დეზინფექცია პოსტერმინალის ზედაპირს.”
