LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა ბედი ეწევა მსოფლიო ტურიზმს პანდემიის დასრულების შემდეგ – პროგნოზი ნაკლებად დამაიმედებელია

კორონავირუსის პანდემია ტურიზმის მომავალზე დიდ გავლენას იქონიებს. არც თუ ისე დამაიმედებელი პროგნოზი ამერიკის მოგზაურთა ასოციაციის პრეზიდენტმა ჟურნალ Forbes–თან საუბარში გამოთქვა.

ეს მხოლოდ დასაწყისია და გლობალური პანდემიის შედეგები თავს მომავალში კიდევ უფრო მეტად იჩენს. სპეციალისტები აპრილის ბოლოსთვის 5,9 მილიონი ადამიანის უმუშევრად დარჩენას და 910 მილიარდი დოლარის დანაკარგს ვარაუდობენ.

პირველ რიგში კრიზისი ონლაინ–ჯავშნების სფეროს შეექმნება. მაგალითად, ერთ–ერთი ყველაზე გავლენიანი ტურისტული პორტალი Expedia შეკვეთების შემცირების გამო ძალიან რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდა. ექსპერტთა შეფასებით, დამსაქმებელმა შტატების შემცირება უკვე დაიწყო და უცნობია გაჩნდება თუ არა საერთოდ სამუშაო ადგილები მომავალში. უფრო მეტიც, პორტალის აქციები დაეცა და შესაძლოა ის რომელიმე კომპანიამაც შეიძინოს.

ამასთან, არსებობენ კერძო ორგანიზაციები რომლებმაც შექმნილ ვითარებაში სარგებელიც კი ნახეს. მაგალითად Airbnb ქსელურ ობიექტებთან შედარებით აქტიურად მუშაობს. ბევრ ადამიანს დიდი სასტუმროები აშინებს და სოციალური დისტანციის თვალსაზრისით უპირატესობას ბინებს ანიჭებს და ეს ტენდენცია მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება. გარდა ამისა, ბინებს თვითიზოლაციისთვისაც ქირაობენ, ამიტომ სახლების გაქირავების სერვისი აქტიურად მუშაობს.

და ბოლოს, კორონავირუსის აფეთქება ძალიან უარყოფით შედეგს საკრუიზო კომპანიებზე იქონიებს. ექსპერტთა აზრით, სირთულე არამხოლოდ ინფექციის გავრცელების რისკთან, არამედ გამონაბოლქვის საკითხთანაცაა დაკავშირებული. ამიტომ, მომავალში საზღვაო კრუიზების პოპულარობა და მათზე მოთხოვნა ძალიან შემცირდება.