საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა ოფიციალური რაოდენობა არ შეცვლილა და კვლავ 157-ს შეადგენს. ამის შესახებ განცხადება ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა გააკეთა. მარინა ეზუგბაიას თქმით, ცენტრი დღეს კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულმა სამმა პაციენტმა დატოვა.
„ჩვენს ცენტრში სამი პაციენტი გამოჯანმრთელდა და ამ სამმა პაციენტმა დატოვა ჩვენი ცენტრი. სულ ქვეყანაში იყო 28 გამოჯანმრთელებული, გახდა 31, აქედან 25 პაციენტი ჩვენი ცენტრიდანაა“, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.
მისივე განცხადებით, დღეს დილით ინფექციურში 15 ტესტი ჩატარდა და მათი პასუხი უარყოფითი იყო. ეს პაციენტები ქვეყანაში გერმანიიდან დაბრუნდნენ.
საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ სამი პაციენტი გამოჯანმრთელდა, ჯამში - 31
ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.
„ეს პაციენტები ქვეყანაში, როგორც ინფიცირებულები არ შემოსულან. ეს ძალიან კარგია. ეს ადამიანები გადაყვანილი არიან ისევ საკარანტინო სივრცეში. 14 დღის განმავლობაში ისევ დაკვირვების ქვეშ იქნებიან. თუ 14 დღის განმავლობაში სიტუაცია სტაბილური იქნება, თავის სახლებს ჯანმრთელები დაუბრუნდებიან“, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 157 დადასტურებული შემთხვევაა, მათგან 1 ადამიანი გარდაიცვალა და 31 გამოჯანმრთელდა. კარანტინის რეჟიმში 5 526 ადამიანი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 344.
