“დღეს ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 7-ით გაიზარდა, რომელთაგან 1 ჩვენს კლინიკაშია მოთავსებული”, – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა. მისი თქმით, ახალი ინფიცირებულის წყარო დადგენილია და აშშ-ს უკავშირდება.
“ახალი პაციენტი გუშინ გვიან შემოვიდა ჩვენთან ცენტრში. მისი მდგომარეობა არ არის მძიმე, დღეს გაუკეთდება სრული, გაფართოებული კვლევები და შევაფასებთ მის სიმძიმეს. კლინიკაში გადმოყვანამდე საკრანტინე სივრცეში იმყოფებოდა”, – აცხადებს ეზუგბაია.
კორონავირუსთან ბრძოლაში მთავარი იმუნიტეტი არაა – ალექსანდრე გოგინავა
ეზუგბაიამ დანარჩენი პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობაზეც ისაუბრა.
“ჩვენს ცენტრში 195-დან 69 პაციენტი მკურნალობდა, რომელთაგან 29 უკვე გავწერეთ. ამჟამად კლინიკაში 39 პაციენტია მოთავსებული, მათგან ერთის მდგომარეობა არ გაუმჯობესებულა და კრიტიკულია. იმ 6 პაციენტის მდგომარეობა კი, რომლებიც ინტენსიურ თერაპიაზე იმყოფებოდნენ, სტაბილურია და მძიმე პნევმონიით აღარ განიხილებიან,”- აცხადებს ის.
მარინა ეზუგბაიამ ასევე აღნიშნა, რომ ინფექციურ საავადმყოფოში ორი არასულწლოვანი პაციენტია მოთავსებული.
