LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სახელმწიფომ სახლიდან გასვლის უფლება უნდა გაამკაცროს, მოწოდებები საკმარისი არაა – ბიძინა კულუმბეგოვი

სასურველია, ადამიანებს გარეთ გასვლის უფლება ჰქონდეთ მხოლოდ პროდუქტების შესაძენად და აფთიაქში,- ეს განცხადება ალერგოლოგ-იმუნოლოგმა, ბიძინა კულუმბეგოვმა “რუსთავი 2”-ის ეთერში გააკეთა. მისი თქმით, მთავრობამ კოლაფსის თავიდან ასაცილებლად გარეთ გასვლის უფლება მაქსიმალურად შეზღუდოს.

“ქალაქებს შიგნით ხალხის თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვის კონტროლი უნდა იყოს ძალიან გამკაცრებული, რადგან, როგორც ჩანს, ეს საკმარისი არ არის. თითოეული ჩვენგანი საზოგადოებას მოვუწოდებთ, რომ მაქსიმალურად დავრჩეთ სახლში, მაგრამ ეს ძალიან ბევრი ადამიანისთვის არ გახდა, ასე ვთქვათ, მნიშვნელოვანი მოწოდების საფუძველი.

ერთადერთი წამალი, რომელიც კაცობრიობას კორონავირუსის წინააღმდეგ აქვს, სოციალური დისტანცირებაა: ბიძინა კულუმბეგოვი

შესაბამისად, ვფიქრობ, რომ სახელმწიფომ უნდა აიღოს თავის თავზე პასუხისმგებლობა და რამდენიმე დღის და კვირის განმავლობაში ალბათ, სასურველია ადამიანებს გარეთ გასვლის უფლება ჰქონდეთ მხოლოდ პროდუქტების შესაძენად და აფთიაქში.

ყოველდღიურად ასობით შემთხვევის დაფიქსირების შემთხვევაში, ეს ათასობით ადამიანის დაინფიცირების ტოლფასი იქნება, ჯანდაცვის სიტემა და საზოგადოება მოვხვდებით იმ კოლაფსში, რომლის წინაშე ბევრი ევროპული ქვეყანა, განსაკუთრებით იტალია და ესპანეთი აღმოჩნდნენ,” – განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა.

შეგახსენებთ, ქვეყანაში საგანგებო ზომები კიდევ უფრო გამკაცრდა. 4 დიდი ქალაქი იკეტება. თბილისში, რუსთავში, ქუთაისსა და ბათუმში შესვლა და გამოსვლა იკრძალება, თუმცა იქნება გამონაკლისები. შეზღუდვა არ ეხებათ მოქალაქეებს, რომლებიც ამ მუნიციპალიტეტში არიან რეგისტრირებული, მაგრამ ისინი შესვლის შემდეგ, 10 დღის განმავლობაში მუნიციპალიტეტებს ვერ დატოვებენ.

მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 2 მილიონს გადააჭარბა

საფრანგეთში კორონავირუსთან მებრძოლ ექიმებს პრემიის სახით 1500-მდე ევროს გადაუხდიან